ახალი ამბები

გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ წყალტუბოში 1 პირი დააკავა

1 ივნისი, 2021 • 1913
გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ წყალტუბოში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს სოფელ საყულიაში ძალის გამოყენებით დააკავა ერთი პირი, რომელსაც სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

დაკავებულის ძმის თანახმად, მისი ძმის დაკავებისას პოლიციელებმა ფეხში დაჭრეს ორი ადამიანი.

დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ირაკლი მუკბანიანი. „მთავარ არხთან“ საუბარში მისი ძმა, ბესიკ მუკბანიანი აცხადებს:

„დიდი ხანია, ის იმყოფებოდა „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მშვიდობიან აქციაზე. ყველანი მშვიდობიანად არიან მანდ. 3 დღის წინ სხვებთან ერთად უნდოდათ მშვიდობიანი პროტესტით „ნამოხვანჰესისკენ“ წასვლა, რამაც პოლიციის მხრიდან გამოიწვია ჯიკაობა, მოწოლა, ჩვენი მხრიდანაც ასეთი რაღაცა და დაფიქსირდა ასეთი ფაქტი პოლიციის მხრიდან, მოიქნია ხელი, მოხვდა ხელი და ა.შ.“…

მისი თქმით, ამის შემდეგ 3 დღე გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი მისი ძმა ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა და არ იმალებოდა, შესაბამისად, სპეცოპერაციის საჭიროება არ იყო.

„დღეს ჩვენი მეგობრის გარდაცვლილი მამის საფლავს აკეთებდნენ თანასოფლელები, ძმაკაცები, ახლობლები. ყველანაირი გაფრთხილების გარეშე მოცვივდნენ [პოლიციელები] პირდაპირ, ცუდი რეაქციით, რაც არ იყო საჭირო არანაირად. „დაწექითო“ და გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერშიც არ გაუკეთებიათ, პირდაპირ მაკაროვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, ორი ადამიანია დაჭრილი ფეხის არეში“, – ამბობს იგი.

შსს აცხადებს, რომ გამოძიების თანახმად, „ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს“.

პოლიციის პოზიციით, მუკბანიანის დაკავებისას „პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ, კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების ღონისძიება გამოიყენა“.

შესწორება: მასალა დაზუსტდა — თავდაპირველად ვერსიაში ბესიკ მუკბანიანზე დაყრდნობით არასწორად ეწერა, რომ მისი ძმაც დაჭრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი