ახალი ამბები

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

1 ივნისი, 2021 • 2542
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი პოლიტიკურ სპექტრს აკრიტიკებს და ჯერ ეკლესიაში სიტუაციის დალაგებას, შემდეგ კი პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს.

“საქართველოში, სამწუხაროდ, ჯანსაღ ოპოზიციას ცალკეულ პიროვნებებში ვხედავ, მაგრამ პარტიებში ვერ ვხედავ. “ნაციონალებს” ახლა ილუზია აქვთ, რომ ევროპული სასამართლო გაამართლებს მიშას და ჩამოვა აქ, მაგრამ იცოდეთ, არის საკითხები, არც ჩვენს სასამართლოს შეხედავს ქართველი ერი და არც — ევროპულ სასამართლოს. ასე არ არის, სასამართლომ გითხრას და ვიღაც ჩამოვიდეს. მანამდე ჩამოსულიყო. უბრალოდ, ივანიშვილმა აჯობა და ქვეყნიდან გააქცია”, — განაცხადა ბოდბის ეპისკოპოსმა.

იაკობ იაკობიშვილის თქმით, რომ არა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, პარლამენტში ბევრი ღირსეული ადამიანი შევიდოდა და “სხვანაირი არჩევნები” ჩატარდებოდა.

“დღევანდელ სიტუაციაში ქართველი კაცი, გინდ არ მოსწონდეს მმართველი პარტია, “ნაციონალების” დაბრუნებას, მით უმეტეს, მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს. ვიცი განწყობა, იარაღსაც აიღებენ ხელში”, — განაცხადა მან.

ეპისკოპოსმა იაკობმა გააკრიტიკა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც. მისი თქმით, “უმეტესობამ გაძარცვა ქვეყანა, ფული იშოვა და დღეს ლაპარაკობენ კორუფციაზე”.

“მართლა უცხო ქვეყნის აგენტები ჩემზე იძახიან მხედრიონელიაო. მე მხედრიონელი არ ვყოფილვარ. უნდათ, ზვიად გამსახურდიას მომხრეები ჩემ წინააღმდეგ განაწყონ. არ ინერვიულონ. თუ მე დავინახე, რომ რუსეთისკენ გააქანეს ვიღაცებმა საქართველო, აუცილებლად ჩავერევი და ის ძალა ძალიან დიდ პროცენტს აიღებს”, — განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

ეპისკოპოსი საუბრობს პოლიტიკურ ძალებს შორის შერიგების აუცილებლობაზე და ეკლესიის როლზე ამ მიმართულებით.

“თუ შერიგება არ მოხდა, აზრი არ აქვს, რაც არ უნდა შეცვალონ. თქვენ გგონიათ, რომელიმეს აინტერესებს შარლ მიშელი? შეცუნცულება უნდოდათ პარლამენტში და შეცუნცულდნენ. ვინც ყველაზე ჭკვიანია იმ ძალამ, ანუ ეკლესიამ უნდა გააკეთოს, რომ შერიგებაზე წავიდნენ. პირველ რიგში მმართველ პარტიასთან გვექნება შეხვედრები”, — აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი.

მისი თქმით, ეკლესიას ებრძოდნენ როგორც ცალკეული პირები ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან.

“ხედავთ, რა პროცესები შუქდება ხოლმე.. მინდა დაგამშვიდოთ, ეკლესიიდან დავიწყებთ, მოსაკვეთი ყველა მოიკვეთება და აღარ დაგიტოვებთ სალაპარაკოს”, — თქვა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს.

“ამ არჩევნებს გავატარებ, შევხედავ, რა ხდება და რა არა. ის საშუალება აღარ ეგონოთ პარტიებს, რომ კიდევ ქუჩაში დავსვათ და დაიწყონ ყვირილი. ჩავერთვებით მერე ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას უკვე არავის ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება ყველაფერი. ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც მხარდაჭერა გაგვიჭირდება და არც არაფერი არჩევნებზე გამარჯვებისთვის. ახალ ძალებს ჩავუდგები სათავეში. ასე რომ, იმის შიში არ გქონდეთ, რომ რუსულ ძალას ან ანტიქართულ ძალას ხელში ჩავუგდებთ ქვეყანას. მოვიყვანთ ახალ ძალას, თუ დავინახე, რომ ახალი და ძველი ძალების ჩარევით, იმის გამო, რომ ერთმანეთთან ქიშპი აქვთ, რუსულ საქმეს აკეთებენ”, — განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

მას ჰკითხეს ლევან ვასაძის შესახებაც, რაზეც უპასუხა, რომ ვასაძე, როგორც ბიზნესმენი, საპატრიარქოს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს, თუმცა სახელმწიფოს განვითარებასთან დაკავშირებით მის აზრებს არ იცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი