ახალი ამბები

2020-ში ყველაზე დახურული უწყებები იუსტიციის სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია იყვნენ – IDFI

1 ივნისი, 2021 • 1096
2020-ში ყველაზე დახურული უწყებები იუსტიციის სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია იყვნენ – IDFI

საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით გასულ წელს ყველაზე დახურული საჯარო უწყებები მთავრობის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო იყვნენ. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშში “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2020”.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020  წელს მთავრობის ადმინისტრაციის და  იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების  გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც  მათი ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად ინფორმაციის გაცემის კუთხით გაუარესდა ვითარება ფინანსთა სამინისტროშიც.

“2020 წელს საქართველოს 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან 10-მა, წინა წელთან შედარებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გააუარესა. მათ შორის გამორჩეულია საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, რომელმაც,2019 წლის 58.6%-იანი მაჩვენებელი 45.7%-ით გააუარესა და მხოლოდ 12.9% შეადგინა. ფინანსთა სამინიტრომ 2020 წელს უპასუხოდ დატოვა IDFI-ს სტანდარტული შინაარსის ყველა მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებული იყო სამინისტროს მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან, საკადრო პოლიტიკასთან და სხვა”.

ფინანსთა სამინისტროს მსგავსად, ანგარიშის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გააუარესა ეკონომიკის სამინისტრომ, შსს-მ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და თავდაცვის სამინისტრომ.

” 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან 10-მა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გააუარესა. მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო (-45,7%), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (-35,84%) შინაგან საქმეთა სამინისტრო (-30,26%), პრეზიდენტის ადმინისტრაცია (-26,18%).”

გასულ წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტოებს ჰქონდათ.

ამას გარდა, IDFI აცხადებს, რომ 2020 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა.

წყარო: IDFI

ორგანიზაციის შეფასებით, გასულ წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუარესდა, რის ერთ-ერთ მიზეზად IDFI პანდემიას ასახელებს. ამის გამო საჯარო უწყებების ნაწილს დისტანციურად უწევდა მუშაობა, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესისთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდა:

“2020 წელს მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ. კერძოდ,  მთელი რიგი უწყებებისათვის პანდემიის შედეგად  შეცვლილ სამუშაო პირობები (დისტანციური სამუშაო რეჟიმი, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვა)  შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სათანადო უზრუნველყოფის პროცესში.  შედეგად, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაცემული პასუხების მაჩვენებელი”.

IDFI-ის შეფასებით,  2020 წელს  გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხების მაჩვენებლით (80%) კვლავ შენარჩუნებულია 2014  წლის შემდეგ დამკვიდრებული 80%-იანი კრიტიკული ზღვარი, რაც  ცალკეული საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულებით არის განპირობებული.  საუბარია ისეთ საჯარო დაწესებულებებზე, როგორებიცააა საქსტატი, სახალხო დამცველის აპარატი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა.

“სამწუხაროდ, ცალკეული უწყებების მიერ (მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს სისტემა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო ხაზინა  და ა.შ.)  წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკა უარყოფითად აისახება  საქართველოს საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს”,-ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი