ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ის) აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოსთვის წევრობის შეჩერება პასუხია იმ არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რაც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო პერიოდში გადადგა.
როგორც გიორგი კლდიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, OGP-ში ქვეყნებისთვის წევრობის შეჩერების ფაქტები ძალიან იშვიათია და ეს ნიშნავს, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით წევრი ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებით სანქციებში მოხვდა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც ქვეყნისთვის სტატუსის შეჩერება მოჰყვა.
გიორგი კლდიაშვილის თქმით, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზული რეგრესი მიმდინარეობს და ხელისუფლებას არანაირი რეფორმა არ განუხორციელებია OGP-ის ფარგლებში.
„ღია მმართველობის პარტნიორობა არის პლატფორმა, სადაც მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთად გეგმავენ და შემდეგ ასრულებენ ვალდებულებებს, რომლებიც ეხება კარგი მმართველობის მიმართულებას. ეს შეიძლება იყოს: კორუფციასთან ბრძოლა, გამჭვირვალობა, სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის განვითარება და ა.შ. ანუ ღია და კარგი მმართველობის თემატიკას რაც ეხება ხელისუფლების ყველა შტოში, ამ რეფორმების განხორციელება.
გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოება მთავრობასთან ერთად ვიყავით ღია მმართველობა საქართველოს ფორუმში და ერთად უნდა გვემუშავა ღია მმართველობის პარტნიორობის გეგმაზე და შემდეგ ამ ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ, პრაქტიკულად, არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. პირიქით, ჩვენ, როგორც ამ ფორუმის წევრმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ყველანაირი თანამშრომლობა შევაჩერეთ მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ რეპრესიული კანონმდებლობა“, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
გიორგი კლდიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღება გადაწყვიტა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დააინიციირეს ე.წ. სწრაფი რეაგირების მექანიზმი ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, რათა OGP-ის სამეთვალყურეო საბჭო ჩარეულიყო და ხელისუფლებასთან გარკვეული მედიაცია გაეწია, რომ რუსული კანონი უკან გაეხმო.
„არანაირი პროგრესი არ მომხდარა ამის საფუძველზე. დემოკრატიის რეგრესი, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვა, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი თავდასხმა და მუდმივი შეტევები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე და ამ საკითხების გამოუძიებლობა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში გახდა იმის საფუძველი, რომ OGP-მ ხელისუფლებას რეკომენდაციები მიაწოდა და მათი შესრულება მოსთხოვა. ჩვენმა ხელისუფლებამ არ შეასრულა და ამის საფუძველზე საქართველოს OGP-ში წევრობა შეუჩერდა“, – აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.
გიორგი კლდიაშვილის თქმით, OGP-ში წევრობის შეჩერება ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატია რეგრესს განიცდის.
„ასეთი ფაქტები სულ რამდენიმე იყო OGP-ში, მათ შორის იყო აზერბაიჯანის შემთხვევა ანუ ისეთი ქვეყნები, სადაც არ არის დემოკრატიის ხარისხი, არის გადახრა ტოტალიტარული რეჟიმებისკენ. ზოგადად, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში გაწევრიანებამდე ქვეყანა საკმაოდ დიდ ფილტრს გადის და, შესაბამისად, იქ დემოკრატიის ხარისხი მოწმდება, მაგრამ თუ ქვეყანა უკვე წევრი არის და იქ მიმდინარეობს დემოკრატიის რეგრესი, მაშინ ხდება ასეთი რეაგირება, რაც ძალიან იშვიათია.
ზოგადად, OGP მთავრობების გაერთიანებაა და სამოქალაქო სექტორი გარკვეულწილად თანამშრომლობით ფორმატშია, მაგრამ ვალდებულებებს მაინც მთავრობები იღებენ და ისინი ასრულებენ, ამიტომ ძალიან იშვიათია, რომ მთავრობებმა ერთმანეთის წინააღმდეგ მიიღონ ასეთი ძალიან მკაცრი სანქცია. პრაქტიკულად, ამ თვალსაზრისით, საქართველო მოხვდა სანქციებში და მას შეჩერებული აქვს სტატუსი. ძალიან სამარცხვინო და ცუდი ფაქტი არის, მაგრამ ეს არის ძალიან სწორი პასუხი იმ არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში განახორციელა“, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
გიორგი კლდიაშვილის თქმით, ღია მმართველობასა და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული არაა, ეს ჩანს არა მარტო OGP-ის პლატფორმის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტთან ურთიერთობაში.
„რაც არ უნდა რეიტინგები მოიყვანონ „ოცნების“ ლიდერებმა, ეს ყველაფერი არის ბლეფი და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ძალიან კარგად ჩანს, როგორ გამოიყურება ეს ხელისუფლება საერთაშორისო პლატფორმებში. წლების წინ რომ გეკითხა, OGP მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო და სერიოზულად ზრუნავდნენ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები განეხორციელებინათ და მართლა იყო რეფორმები, რომლებიც გამოირჩეოდა არა მარტო ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბით. მართლაც მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა წლების განმავლობაში OGP-ის ფარგლებში, მაგრამ ბოლო წლებში ეს ყველაფერი მივიწყებულია, აღარ არის პრიორიტეტი.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც საქართველოს სამარცხვინოდ შეუჩერეს წევრობა მანამ, სანამ ბოლო დროს მიღებულ მავნებლურ კანონმდებლობას არ გააუქმებენ, რომელიც ყველანაირად ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და, ამავდროულად, არ მოხდება სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობების დალაგება. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეს არის, რომ შეწყდეს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეტევები სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ და მიეცეთ მათ ნორმალურად მუშაობის საშუალება.
ხელისუფლებას რამდენჯერმე მიეცა საშუალება, რომ ეს რეკომენდაციები შეესრულებინა, მაგრამ მათ უარი თქვეს. შესაბამისად, არც პოლიტიკური ნებაა და არც პრიორიტეტია, რომ ღია მმართველობის მიმართულებით რეკომენდაციები შესრულდეს“, – აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.
როგორც გიორგი კლდიაშვილი ამბობს, ჯერჯერობით ღია მმართველობის პარტნიორობას საქართველოსთვის მხოლოდ წევრობა აქვს შეჩერებული და თუ ქვეყანა რეკომენდაციებს შეასრულებს, სტატუსის გადახედვა ისევ მოხდება. ხოლო თუ საქართველოს მთავრობა OGP-ის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანა OGP-დან გარიცხონ.
„ეს დროებითი სანქცია იმას ნიშნავს, რომ კიდევ ეძლევა შანსი ხელისუფლებას და ქვეყანას, რეკომენდაციები შეასრულოს. პირველადი შეფასების ბოლო ვადა, როცა მათ უნდა შეესრულებინათ ეს რეკომენდაციები, 6 ნოემბერი იყო. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ რეკომენდაციებს ვერ და არ შეასრულებდა, შესაბამისად, რეაგირება იყო ამის საპასუხოდ. 2025 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო ამის შესრულება და ვნახოთ, რა იქნება.
ჯერჯერობით პოლიტიკური ნება რომ არ არსებობს ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმების და ზოგადად, დემოკრატიის ფარგლებში მთავრობის დაბრუნების, ეს უკვე კარგად ჩანს. ამას არა მარტო OGP ამბობს და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება, არამედ ამას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.
ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერდა.
აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ OGP-დან წევრობის შეჩერებაზე ინფორმაცია მთავრობამ დღეს, 16 ოქტომბერს, მიიღო.
OGP-მ წევრობის შეჩერებაზე საქართველოს მთავრობა მაისში გააფრთხილა. გაზაფხულზე, რუსული კანონის მიღების დროს, OGP-მ მთავრობას მოუწოდა, უკან გაეწვია კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუანონსა, რომ შესაძლებელი იყო, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეჩერდებოდა.








