ნეტგაზეთი | პარკინგი 500-მდე ავტომობილისთვის და გასართობი სივრცეები – რას გეგმავენ იპოდრომზე [პროექტი] პარკინგი 500-მდე ავტომობილისთვის და გასართობი სივრცეები – რას გეგმავენ იპოდრომზე [პროექტი] – Netgazeti
Batumelebi | RU

პარკინგი 500-მდე ავტომობილისთვის და გასართობი სივრცეები – რას გეგმავენ იპოდრომზე [პროექტი]

თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მოსაწყობი ცენტრალური პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია LAP მუშაობს.  პროექტის თანახმად, იპოდრომის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის, სხვა სივრცეებთან ერთად, დაახლოებით 500-ადგილიანი პარკინგი უნდა განთავსდეს. ცნტრალურ პარკს, თბილისის მერიასთან ერთად,  “ქართუ ფონდი” აშენებს.

კომპანია LAP-ის მიერ გავრცელებულ პროექტში ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქის ცენტრალური პარკი [ასეთი სახელი ერქმევა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას] დღეში 15 ათასამდე ადამიანის მიღებას შეძლებს.

პროექტს თან არაერთი რენდერი [ფოტომონტაჟი] აქვს დართული, ერთ-ერთის თანახმად, პარკში 3 პარკინგი უნდა მოეწყოს, ჯამში, დაახლოებით 500 ადგილისთვის. პროექტში პარკინგისთვის განკუთვნილი სივრცეები ნაცრისფერია და მონიშნულია  15; 16 და 17-ით.

ნაცრისფერი სივრცეები პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილია. ფოტო: LAP-ის პროექტი

“პარკში მისვლა ავტომობილით კომოფრტულად იქნება შესაძლებელი, როგორც მაგისტრალის [იგულისხმება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა], ასევე, ქალაქის ცენტრიდან. მოეწყობა ორი შესასვლელი – ერთი ჩრდილოეთის ბოლოდან, ხოლო მეორე – დასავლეთის მხრიდან, ვიზიტორთათვის დაახლოებით 500-მდე საპარკინგე სივრცეებისთვის”, – ნათქვამია პროექტში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ მთავარი შესასვლელი პარკში ე.წ. პანორამული ხიდი იქნება, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე გავა. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს ხიდი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და საბავშვო ეტლებისთვისაც.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ხიდი უნდა უყურებდეს პარკის შადრევნებს.

იპოდრომზე დაგეგმილი რეაბილიტაციის რუკა. ფოტო: Lap

რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, პროექტში აღნიშნულია, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს იაპონური ბაღი, მედიათეკა, ყვავილების ბაღი, კაფეები და სხვა სარეკრეაციო ზონები.

იპოდრომზე დაგეგმილი რეაბილიტაციის რუკა. ფოტო: Lap

ამ პროექტის გავრცელებამდე იგივე რენდერები მერიამაც გაავრცელა ოფიციალურ პრესრელიზში. მათი ნახვა შეგიძლიათ აქ:

როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი [ფოტოები]

 

დაგეგმილია მანქანებით მიმსვლელთათვის – ექსპერტის შეფასება

ქალაქდამგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, ვინც აღნიშნულ პროექტს აკრიტიკებს. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, ეს პროექტი მორეგბულია იმ ადამიანებზე, ვინც პარკში მანქანით მივა, შესაბამისად, სარეკრეაციო ზონის დიდი ნაწილი იკარგება პარკინგში.

“პროექტის მიხედვით, ავტომაგისტრალით არის ყველა მისასვლელი და ყველა სადგომი დანიშნული, ფაქტობრივად, ავტომაგისტრალზეა აკინძული. აქედან ჩანს, რომ პროექტის დამკვეთი და, შესაბამისად, ავტორი, ანგარიშობს იმას, რომ ყველა მომხმარებელი ამ პარკის მივა მანქანით. აქვე არის ძალიან დიდი პარკინგი. გეგონება, 1960-იან წლებში ხდებოდეს ეს ყველაფერი, მაშინ, როდესაც ყველაფერს მანქანებზე და სამანქანო გზებზე აწყობდნენ”, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

ის გვიხსნის, რომ პარკს ვაკე-საბურთალოს მხრიდან ძალიან დიდი “ლაქა” აქვს, აქვე არის შემოსასვლელი მოქალაქეებისთვის, თუმცა – “საბურთალოს გზის მოსაზღვრედ გაყიდულია თუ არა ადგილი, არ ვიცით. ახლა აქ მდებარე შემოსასვლელით ხალხი ჩვეულებრივად სარგებლობს, თუმცა, შესაძლოა, ისინი კერძო საკუთრებაზე დადიოდნენ,”.

“თუ ადგილი გაყიდულია, ეს მისასვლელი უნდა გამოესყიდათ ან სერვიტუტი დაენიშნათ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსვლელები ძირითადად აქედან მოსულიყვნენ. ძირითადი შესასვლელი უნდა ყოფილი ეს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს საერთოდ არ არის ნაგულისხმები პროექტში და [მოქალაქეთა] მოსვლის მთელი მომსახურება, მთელი სისტემა აკინძულია ამ ეგრეთ წოდებულ ავტობანისმაგვარ გზაზე.

აღმოსავლეთის მხრიდან საუბნო კატეგორიის მისვლა უნდა იყოს ან საქვეითო, ან საველოსიპედო. და ესეც ხაზგასმული უნდა ყოფილიყო პროექტში. მე რასაც ახლა ვყვები – ვხატავ ქალაქის სისტემაში ჩაბმის სურათს. იმგვარ სურათს, სადაც როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან საქვეითო და საველოსიპედო მკვებავი [გზები] უნდა ყოფილიყო და ამაზე უნდა აწყობილიყო სისტემა. ეს არის პირველი, რაც თვალში მხვდება და არ მაკმაყოფილებს”, – ამბობს ბაქრაძე.

ზურაბ ბაქრაძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი

“მეორე რაც თვალში ხვდება ადამიანს, ეს არის ფუნქციებით ძალიან გადატვირთული პარკი.  აქ ჩვენ ვხედავთ, რომ დასასვენებელი, ბუნებასთან მიახლოებული პირობების ნაცვლად, შექმნილია ბევრი ე.წ. გასართობი ადგილი. ქალაქს კი საწინააღმდეგო რამე სჭირდება, მით უფრო ისეთ დიდ ქალაქს, როგორიც თბილისია. საწინააღმდეგო საჭიროებები აქვს ასევე ისეთ დიდ პარკს, როგორიც იპოდრომია.

ეს არის ქალაქის მნიშვნელობის პარკი, მთელი ქალაქი სარგებლობს ამ ადგილით და ის უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებასთან მიახლოებული – ბევრი სიმწვანით, ცოტა ბეტონით.  რაც შეიძლება ცოტა მოკირწყლული უნდა იყოს. აქ კი საწინააღმდეგო სიტუაციას ვხედავთ – ძალიან ბევრი სივრცეს სხვადასხვა ფუნქციით.

როგორც სურათია აჭრელებული, ფუნქციებითაც ასევე აჭრელებულია ეს ადგილი. ეს ცუდია პარკისთვის. ხალხს სჭირდება დასვენება, რაც შეიძლება ახლოს ყოფნა ბუნებასთან. ეს არ ჩანს ამ პროექტში”, – აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.

ბაქრაძის მოსაზრებით, პარკი ზედმეტად დიდი მოცულობის ტერიტორიას კარგავს პარკინგისთვის, რაც მოქალაქეებს იქ ავტომობილით მისვლისკენ უბიძგებს.

“პარკინგი, რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგრამ ჩემი აზრით, ის გადაჭარბებულია. ამგვარი დაგეგმვა უბიძგებს ადამიანს, რომ მანქანით წავიდეს, ეს კონტრპროდუქტიულია. საწინააღმდეგო მდგომარეობა უნდა იყოს, ისეთი დაგეგმარება უნდა იყოს, რომ უბიძგო მოქალაქეს ავტობუსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით, ველოსიპედით მივიდეს. ამიტომ ცოტა სადგომი უნდა იყოს, ისეთი ოდენობა უნდა იყოს, რომ მთლად კომფორტულად მანქანით მოსიარულემ არ იგრძნოს თავი და უბიძგოს, რომ ვთქვათ, დაჯდეს ის ადამიანი ველოსიპედზე ან ფეხით და ისე მივიდეს” – გვეუბნება ზურაბ ბაქრაძე.


უკვე რამდენიმე თვეა, რაც იპოდრომის ტერიტორიაზე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კახა კალაძის თანახმად, აღნიშნული ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა “ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა. მერის განცხადებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია ასევე ჩართული იქნება “თბილისის ცენტრალური პარკის” მშენებლობაშიც, რომელიც “რამდენიმე ათეული მილიონი” დაჯდება.

ამასთან, კალაძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში “ფასდაუდებელია ფონდ “ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის როლი”. მერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს “ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის”.

2020 წლის 6 ოქტომბერი. კახა კალაძე იპოდრომის პროექტის წარდგენისას. ფოტო: თბილისის მერია

სტატიის მომზადებისას ვკითხეთ მერიას, ნამდვილად ის პროექტი დაამტკიცა თუ არა, რომელიც კომპანია Lap-ის საიტზეა ატვირთული. მერიაში გვითხრეს, რომ რაკი პროექტს აფინანსებს ფონდი “ქართუ”, კითხვები მათთან უნდა დაისვას. თუმცა  ამ პროექტის წარდგენისას კახა კალაძემ იგივე ფოტოები აჩვენა, რაც საიტზე ჩანს.

ჩვენ იმავე კითხვით მივმართეთ “ქართუს” თავმჯდომარეს, ნიკო ჩხეტიანს. მისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან