ახალი ამბები

ენმ პარლამენტში პრივილეგიებისთვის და თანამდებობესითვის არ შედის – დეკანოიძე

31 მაისი, 2021 • 1334
ენმ პარლამენტში პრივილეგიებისთვის და თანამდებობესითვის არ შედის  – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, დოკუმენტით გათვალისწინებული საპარლამენტო პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.

დეკანოიძის შეფასებით, ეს კობახიძის “შეშინებული განცხადებაა”. მისი თქმით, პრივილეგიები და თანამდებობები სწორედ “ოცნების”  მთავარი ამოცანაა ხელისუფლებაში და პარლამენტში ყოფნისას და არა “ნაციონალური მოძრაობის”.

“ძაან კარგად გამოჩნდა, რომ შიში აქვს კობახიძეს და სასტიკად არ ესიამოვნათ და შეშინებული არიან “ნაციონალური მოძრაობის” ამ გადაწყვეტილებით. მე მინდა მათ ვუთხრა, ყველა წარმომადგენელს, კლეპტოკრატიული რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის მსახურებს, რომ ენმ პარლამენტში არ შედის პრივილეგიებისთვის, თანამდებობებისთვის და დელეგაციებისთვის. ენმ პარლამენტში შედის იმისთვის, რომ ვინც საქართველოს ხელისუფლებაში პრივილეგიებისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის, პირადი თანხებისთვის, კორუფციისთვის მოვიდა, სწორედ მათ მოვთხოვოთ პასუხი”, — განუცხადა “ნეტგაზეთსდეკანოიძემ.

კობახიძის განცხადებით, თუ ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ის ასევე ვერ ჩაერთვება პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმებისთვის შეიქმნა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ენმ საპარლამენტო რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით ისარგებლებს.

“ჩვენ ყველა მიმართულებით, გარდა ამნისტიისა, რაც გულისხმობს საარჩევნო კოდექსს, სასამართლო რეფორმაზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მივიღებთ მონაწილეობას. ასე არის დადგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და ასე განმარტავს საქართველოს კანონმდებლობა. ამიტომ, რაც არ უნდა დაგვემუქროს კობახიძე, რომ რაღაც პრივილეგიებს არ მოგვცემს, ჩვენ პრივილეგიები არ გვჭირდება[…]

ჩვენ დავუპირისპირდებით მათ საპარლამენტო დღის წესრიგიდან გამომდინარე. მათ შორის, კომისიების შექმნა, კომიტეტებზე და ყველა იმ გადაცდომაზე, რომელიც თუნდაც იმ შეთანხმების ფარგლებიდან “ქართული ოცნების” გასვლას გულისხმობს. ამაზე გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ბატალიები პარლამენტში”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გუშინ, 30 მაისს, ცნობილი  გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. პარტიის სახელით განცხადება ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა.

პარლამენტში შესვლის პარალელურად, ენმ არ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 19 აპრილს გაფორმებულ დოკუმენტს. მელიას განმარტებით, შეთანხმება მათთვის მიუღებელ პუნქტს მოიცავს. ენმ-ის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რომელ მუხლს გულისხმობს, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონის მიღებას.

კობახიძე მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ითხოვს და ენმ-ს ულტიმატუმს უყენებს

მასალების გადაბეჭდვის წესი