ნეტგაზეთი | კობახიძე მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ითხოვს და ენმ-ს ულტიმატუმს უყენებს კობახიძე მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ითხოვს და ენმ-ს ულტიმატუმს უყენებს – Netgazeti
RU | GE  

კობახიძე მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ითხოვს და ენმ-ს ულტიმატუმს უყენებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად,  პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

“იმ პირობებში, რომ ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. თუ “ნაციონალური მოძრაობა” მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება.

გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პროვილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. დარწმუნებული ვართ, რომ ენმ-ს საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა”, — განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე კობახიძემ განმარტა, რომ ენმ არ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო რეფორმასა თუ სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფებში. ამას გარდა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ თუ ენმ ხელს არ მოაწერს ამ დოკუმენტს, ისინი ვერ ისარგებლებენ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ძალაუფლების გადანაწილებაში.

გუშინ, 30 მაისს, ცნობილი  გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. პარტიის სახელით განცხადება ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა.

პარლამენტში შესვლის პარალელურად, ენმ არ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 19 აპრილს გაფორმებულ დოკუმენტს. მელიას განმარტებით, შეთანხმება მათთვის მიუღებელ პუნქტს მოიცავს. ენმ-ის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რომელ მუხლს გულისხმობს, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონის მიღებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე.