ახალი ამბები

მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა

30 მაისი, 2021 • 1619
მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ ამავე ეპარქიის იღუმენი დანიელი (გვილავა) დღეს, 30 მაისს სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა.

მიტროპოლიტის განცხადებით, დღეიდან სასულიერო პირს არა იღუმენი, არამედ მონაზონი ეწოდება.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, იღუმენ დანიელს (გვილავა) მღვდლობიდან განკვეთით 26 მაისს დაემუქრა.

მიტროპოლიტის სამგვერდიან გაფრთხილებაში, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის გვერდზე გამოქვეყნდა, ეპარქიაში ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებია განხილული.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი იღუმენ დანიელს ცალსახად ადანაშაულებს საეკლესიო ამბოხში და მისგან ითხოვს 29 მაისამდე საეპარქიო კომისიას გადასცეს დადიანების სასახლის, ღვინის სახლის, მონასტრის მარნისა და მოურავის სახლის გასაღებები.

„თქვენი დესტრუქციული ქმედებები კვლავ გაგრძელდა. ჩვენ მიერ 15 მაისს შექმნილმა საეპარქიო კომისიამ, რომელსაც ევალება ეპარქიის განკარგვაში არსებული საეკლესიო ქონების აღწერა და გადმობარება, ზედმეტი ხმაურის გარეშე 17 მაისს მოგთხოვათ სალხინოს მონასტერში არსებული ქონების აღწერა და გადმობარება, რაზეც თქვენ კატეგორიული უარი განაცხადეთ.

კომისიამ იმავე მოთხოვნით 18 მაისს კვლავ მოგმართათ, თუმცა კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგ საჯაროდ მოგთხოვეთ მონასტერში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღწერა და გადმობარება, რაზეც კვლავ, საჯაროდ უარი განაცხადეთ.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, თქვენი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთის გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ შაბათამდე, 29 მაისამდე, არ გამოიჩენთ კეთილგონიერებას და არ დაემორჩილებით ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს,“ – წერია მიტროპოლიტის განცხადებაში.

30 მაისს მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ სასულიერო პირი მოთხოვნებს კვალვ არ დაემორჩილა.

მიტროპოლიტი თავის მიმართვაში იღუმენს სწერს, რომ პატიობს მის  მიმართ გამოთქმულ ყველა შეურაცხმყოფელ სიტყვას და ქმედებას. ასევე თავადაც შენდობას სთხოვს, თუკი რაიმე მოიმოქმედა ისეთი, რამაც იღუმენი შეურაცხყო.

იღუმენმა დანიელმა (გვილავა) მიტროპოლიტს წერილობით უპასუხა. მან ჭყონდიდის მიტროპოლიტი საეკლესიო კანონების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სანამ წმინდა სინოდი სასულიერო პირების სააპელაციო საჩივარს არ განიხილავს, ისიც და სხვა დასჯილი სასულიერო პირებიც, ჭყონდიდის მიტროპოლიტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ.

ამავე წერილში იღუმენი ვრცლად მიმოიხილავს საეკლესიო ქონების საკითხს და წერს, რომ საეკლესიო ქონება ეკლესიის თითოეული წევრისაა.

„ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო ქონებისადმი უდიერად და გულგრილად მოპყრობის, პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ აქ იმალება ფარული გარიგება ან კორუფციული სქემა, ვინაიდან საქართველოს საპატრიარქომ და ჭყონდიდში მართვა-გამგეობისთვის დადგენილმა ეპისკოპოსებმა (თქვენ და გრიგოლ კაცია) არ დაიცავით ეკლესიის ინტერესები და საეკლესიო ქონება.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ პეტრეს დროს ჭყონდიდის ეპარქიაში გაიხსნა წყლის ქარხანა, რომლის 50% ფლობდა ეკლესია, რომლის გადაბარებაც მოხდა 2019 წლის ნოემბრის თვეს შექმნილ კომისიის ფარგლებში თავისი ახსნა-განმარტებებით. წესით, თქვენ გევალებოდათ ამ საკითხის შესწავლა და ქონების დაცვა, როგორც ეს ხდებოდა მიტროპოლიტ პეტრეს მმართველობის დროს, მაგრამ გულგრილობითა და ინტერესის არ ქონის გამო ქარხანა გაიტანეს აუქციონზე და დავკარგეთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ასევე მოექცეთ სალხინოს მარანს, სასახლესა და ღვინის სახლს.

თქვენ გსურთ იქ მოიმკოთ, სადაც არ დაგითესიათ. ეპარქიაში ყველამ იცოდა, რომ ამ ქარხნიდან შემოსული თანხა უნდა მოხმარებოდა ეპარქიის სამღვდელოების ხელფასსა და ოჯახში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სწავლა-განათლების დაფინანსებას, რომლებიც ამთავრებდნენ სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას.

მთელი ჩვენი ცხოვრება გავატარეთ საეკლესიო კანონების მორჩილებაში და თავს უფლებას არ მივცემთ თქვენი ძალადობრივი გადაწყვეტილებები ვაქციოთ ქრისტეს კანონებზე მაღლა. ასევე დავამატებ, გადაბარება უნდა მომხდარიყო მეუფე გრიგოლ კაციას დროს, რომელიც ისე წავიდა საეპარქიო ქონება არ გადაუბარებია თქვენთვის და ამ დროს საპატრიარქოსგან გაკეთდა განცხადება, თითქოს გადაბარების კომისია იყო შექმნილი.

შეგახსენებთ, ეკლესიის კანონებით მოქმედება შუიდან კი არ იწყება, იწყება თავიდან და ეს სათავე თქვენ აშკარად გიბნევთ თავგზას,“ – ვკითხულობთ იღუმენის წერილში.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობა მიმდინარე წლის მარტიდანაა. ამ დროის მანძილზე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ეპარქიაში 15 სასულიერო პირს დაადო საეკლესიო სასჯელი. მათ შორის დასჯილია სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარიც. იღუმენ დანიელს 2021 წლის 4 აპრილიდან მღვდელმსახურება აქვს აკრძალული.

მასალების გადაბეჭდვის წესი