ახალი ამბები

გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეთა რეალურ პრობლემებს — გახარია

29 მაისი, 2021 • 1471
გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეთა რეალურ პრობლემებს — გახარია

გიორგი გახარიამ, რომელმაც დღეს, 29 მაისს, პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” დააფუძნა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” დაშორდა მოქალქეთა პრობლემებს.

“რა თქმა უნდა, მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა ჩვენი  მოქალაქეების რეალურ პრობლემებს მარტივი მიზეზის გამო:

რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.

გადავდექი იმიტომ, რომ 8-წლიანი მმართველობის შემდგომ მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში პოლიტიკურმა პარტიამ თავისი ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა”, — თქვა მან.

პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე გახარია თავად იქნება.

მედიასთან საუბრისას გახარიამ ქვეყნის მთავარ პრობლემებად სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი დაასახელა.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი