ახალი ამბები

ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა ერთ ჭერქვეშ — ბერლინში ინტერრელიგიური კომპლექსი შენდება

29 მაისი, 2021 • 3435
ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა ერთ ჭერქვეშ — ბერლინში ინტერრელიგიური კომპლექსი შენდება

ბერლინში საფუძველი ჩაეყარა ინტერრელიგიური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს ეკლესიას, მეჩეთსა და სინაგოგას. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ წლების წინ დაბადებული იდეის განხორციელება გააღრმავებს ურთიერთგაგებას როგორც სამი რელიგიის წარმომადგენლებს, ისე სხვა მორწმუნეებსა თუ არამორწმუნეებს შორის.

პროექტის სათავეში იმამი, პასტორი და რაბინი დგანან. აღნიშნულ იდეაზე დისკუსია მათ დიდი ხნით ადრე დაიწყეს, შემდეგ ტერიტორია მოინიშნა, მიმდინარე კვირაში კი კომპლექსის პირველი აგურიც დაიდო. შენობა, სახელწოდებით “House of One”, აიგება ბერლინის შუაგულში, XIII საუკუნის ეკლესიის ადგილას, რომელიც 1964 წელს აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა მთავრობამ დაანგრია.

პასტორი გრეგორ ჰოჰბერგი, რაბი ანდრეას ნაჩამა და იმამი ქადის სანჯი — სასულიერო პირები, რომლებმაც წლების წინ პროექტზე დისკუსია დაიწყეს

“ებრაელები, ქრისტიანები, მუსლიმები, ისევე როგორც ათეისტები და ხალხი სხვადასხვა რელიგიიდან, მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ლაპარაკობდა ამაზე…

ყოველთვის მნიშვნელოვანია, გაიგო, როგორ უყურებს რაღაცებს სხვა, საიდან მოდის ის ან რისი სწამს. საზოგადოება იღებს სარგებელს, როდესაც არსებობს დიალოგი. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ”, — აღნიშნავს პასტორი გრეგორ ჰოჰბერგი, პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.

პროექტის ორგანიზატორთა თქმით, კომპლექსის შუაგულში იქნება საერთო ოთახი, რომელშიც სხვადასხვა სალოცავის სტუმრები შეიკრიბებიან.

“ეს იქნება შეხვედრების ადგილი, სადაც [ადამიანებს] შეეძლებათ, მოვიდნენ, გაიცნონ ერთმანეთი, გადალახონ ცრურწმენები და ამით მოუტანონ მშვიდობა ჩვენს საზოგადოებას”, — დასძენენ ისინი.

“დოიჩე ველეს” თანახმად, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ამ ადგილას მშენებლობის დაწყებამდეც იკრიბებოდნენ ხოლმე როგორც სასიხარულო, ისე ტრაგიკული ამბების დროს. ასე ხდებოდა, მაგალითად, მუსლიმებზე, ქრისტიანებსა და ებრაელებზე სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი თავდასხმების შემდეგ.

პროექტის საბოლოო სახე © KUEHN MALVEZZI (PHOTO: ULRICH SCHWARZ)

“დავმეგობრდით. ჩვენ ვნახეთ, რომ რაბინი, იმამი და პასტორი მხარდამხარ დგანან”, — აღნიშნავს პროექტის მონაწილე იმამი ოსმან ორში. მისივე თქმით, ექსტრემიზმი ვერ დაანგრევს რწმენასა და მშვიდობას, თუმცა შეუძლია, დააზიანოს ისინი, რის თავიდან ასაცილებლადაც მოქმედებაა საჭირო.

მშენებლობის დაწყებას მიესალმა “ებრაელთა ცენტრალური საბჭოს” პრეზიდენტი გერმანიაში ჯოზეფ შუსტერიც, რომელიც დასძენს, რომ “აქ რელიგიებს შეეძლებათ, ილაპარაკონ ერთმანეთში და არა ერთმანეთის შესახებ”.

პროექტისთვის, ჯამში, €47 მილიონის დახარჯვა იგეგმება. €20 მილიონი გერმანიის მთავრობამ გამოყო, კიდევ €10 მილიონი კი ბერლინის თვითმმართველობამ. €9 მილიონი პროექტმა შემოწირულობებით მიიღო და ასე იგეგმება დარჩენილი თანხის შეგროვებაც. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი