ახალი ამბები

საზმაუს შენობა $40 მილიონის ნაცვლად $24 მილიონად იყიდება

28 მაისი, 2021 • 1794
საზმაუს შენობა $40 მილიონის ნაცვლად $24 მილიონად იყიდება

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, თბილისში, კოსტავას 68-ში არსებული მიწა და შენობა-ნაგებობა ვერ გაყიდა. მაუწყებელი ქონების გაყიდვას გასულ წელს, თავდაპირველად, 40 მილიონ აშშ დოლარად ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მყიდველი არ გამოჩნდა, მაუწყებელმა ქონება რამდენჯერმე გააიაფა და საბოლოოდ, ტერიტორიის 24 მილიონ დოლარად გასხვისება გადაწყვიტა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 2021 წლის 21 მაისს მისცა უფლება, ქონების გასაყიდად გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი 15 დღის ვადით, ქონების საწყის ღირებულებად კი განსაზღვრა 24 059 832 დოლარი.

როგორც მაუწყებლის მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ქონების გასაყიდი ფასის შემცირება სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე გადაწყვიტეს, რადგან თავად მაუწყებელი დადგენილ ფასად ერთი წლის განმავლობაში არ გაიყიდა.

  • პირველი აუქციონი 40 მლნ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით 2020 წლის 16 ივნისს 1-თვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარე არ აღმოჩნდა და აუქციონი არ შედგა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ დოლარად გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა;
  • უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32.4 მლნ დოლარად მესამედ იქნა გამოტანილი აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა;

“დამატებით მოვითხოვეთ შეფასება, ექსპერტიზა იმისათვის, რომ დამატებითი გარემოებები, მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ყველაფერი ყოფილიყო გაანალიზებული, რათა თანხა მიგვეღო არა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, არამედ გვქონოდა დამატებითი შეფასება, რაც მოგვცემდა შემდეგ აუქციონზე ფასის წარდგენის საშუალებას”, — განუცხადა მაუწყებლის დირექტორმა თიკო ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს. მისივე თქმით, შენობის თავდაპირველი ღირებულება, 40 მილიონი აშშ დოლარი, ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, რეალური არ იყო და სწორედ ეს გახდა გასაყიდი ფასის გადახედვის მიზეზი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ სამეურვეო საბჭოს 21 მაისის სხდომაზე განაცხადა, რომ ექსპერტიზამ 2020 წლის თებერვალში კოსტავას 68-ში არსებული უძრავი ქონება 29 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა (შენობები და მიწა ერთად). ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, შეფასებისას გაითვალისწინეს სხვადასხვა გარემოება, მათ შორის ის, რომ არსებული შენობის დემონტაჟის ღირებულება თავად შენობის ღირებულებას აჭარბებს, გარდა ამისა, მყიდველს გადასახდელი ექნება დამატებითი ღირებულების გადასახადი.

29 მილიონ დოლარად შეფასების შემდეგ, როგორც ჭიჭინაძე ამბობს, აუქციონი ქონების გასაყიდად სწორედ ამ ღირებულებით გამოაცხადა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწა 2021 წლის 13 მაისს 24 059 832 მილიონი დოლარად შეაფასა.

როგორც მაუწყებლის მენეჯმენტი ამბობს, ეს, ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მისაღები ფასია, რადგან ინვესტორი ამ ტერიტორიაზე მომავალი 2 წელი ვერაფერს ააშენებს.

მაუწყებელს სწორედ 2 წელი სჭირდება ახალი შენობის ასაშენებლად, რომელიც თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე იგეგმება.

პირველმა არხმა ახალი შენობის ასაშენებლად 47-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი