ახალი ამბები

კალიურანდი საქართველოს EU-ში გაწევრების მოლოდინის შემცირებას ურჩევს

28 მაისი, 2021 • 2683
კალიურანდი საქართველოს EU-ში გაწევრების მოლოდინის შემცირებას ურჩევს

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი (“სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, ესტონეთი) მიიჩნევს, რომ საჭიროა ქართველი ხალხის ამბიციებისა და მოლოდინების შემცირება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ევროპული გამოცემა “ეურაქტივის” კონფერენციაზე “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ — შემდგომი ნაბიჯები” ლუვენის უნივერსიტეტის ევროპის პარტიების მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელმა თეონა ლავრელაშვილმა კალიურანდს ჰკითხა, დაუჭერენ თუ არა “სოციალ-დემოკრატები” მხარს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

“ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ქართველებს აქვთ უფლება, გაწევრიანებაზე განაცხადით მიმართონ ორგანიზაციას, რომელსაც სურთ, რომ ეკუთვნოდენ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებები იკითხოთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რაც საჭიროებს ერთსულოვან მხარდაჭერას ევროკავშირში. ეს გაფართოების ერთადერთი გზაა. გულახდილი ვიქნები, ევროკავშირში გაფართოებაზე კონსუნსუსი არ არის — ეს რეალობაა. ამიტომ არ მივაქცევდი ამდენ ყურადღებას წევრობის საკითხს, რადგან ეს არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში. ნაცვლად ამისა, ბევრად მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფრო ახლო თანამშრომლობას სექტორულ რეფორმებში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება იმიტომ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ “კის” 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა”, — განაცხადა მარინა კალიურანდმა.

კალიურანდის თქმით, პერსონალურად ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა, თუმცა ევროკავშირში დღემდე არიან სახელმწიფოები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2004 წლის გაფართოება შეცდომა იყო.

საქართველოს მთავრობას დაანონსებული აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება 2024 წელს. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს და ხელს უწყობს ისეთი ფასეულობებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ა.შ. უფლება აქვს, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკომისია შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს აპლიკანტი კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც მოიცავს სტაბილურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ფუნქციონირებად საბაზრო ეკონომიკასა და ევროკავშირის კანონმდებლობის დანერგვას. დადებითი დასკვნის შემთხევაში, იწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც გრძელვადიანი და რთული პროცესია. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი გაწევრიანების უფლების მინიჭება ევროპული საბჭოს სრული შემადგენლობის და ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერას საჭიროებს.

ამ დროისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი, ხოლო პოტენციურ კანდიდატებს განეკუთვნებიან ბოსნია და ჰერცოგოვინა და კოსოვო. თურქეთს წევრობაზე განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს აქვს გაკეთებული და მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა თურქული დემოკრატიის გამოწვევების გამო პროცესის ფინალი ბუნდოვანია. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვთ სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებები (SAA), გააჩნიათ ე.წ. ევროპული პერსპექტივა, ანუ გაწევრიანების დაპირება.

ამ თემაზე:

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ “ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი გააფორმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი