ახალი ამბები

EEAS-ის წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში დანიშვნებს აკრიტიკებს

28 მაისი, 2021 • 1730
EEAS-ის წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში დანიშვნებს აკრიტიკებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკ პიერ დევინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის დანიშვნას აკრიტიკებს.

როგორც ლუკ დევინმა ევროპული გამოცემა “ეურაქტივის” მიერ 27 მაისს ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ — შემდგომი ნაბიჯები“ განაცხადა – მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაატაროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები.

“სასამართლო რეფორის მიმართულებით, რომელიც ძალიან საკვანძოა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. დამოუკიდებელი სასამართლო ასევე პასუხისხმგებლიანი უნდა იყოს. თუ ადგილი აქვს არაკომპენტენტურობას, ან უარესი, კორუმპირებულ მოსამართლეებს, უნდა არსებობდეს ამ ტიპის სიტუაციების აღმოფხვრის გზები. სამწუხაროდ, გუშინ ვნახეთ რიგი დანიშვნები, რომელიც ამ სწორი მიმართულებით არ მიდიოდა”, — განაცხადა ლუკ პიერ დევინმა.

მისი თქმით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დახმარებას ფუნქციონირებადი დემოკრატიის ჩამოყალიბებაში, რაც გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების და სირთულეების დაძლევას ინსტიტუტების გავლით და არა მათ გარეშე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომელიც ასევე იყო დისკუსიის მონაწილე, საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოს არ შეუძლია გააჩეროს სასამართლო სისტემა, თუმცა, ამავდროულად, ატარებს რეფორმებს სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად.

26 მაისის მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი — თემურ გოგოხია, ბადრი შონია ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე — აირჩიეს.

ვინ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

დელეგატებმა არ გაითვალისწინეს სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციისა და დიპლომატების მოწოდება იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევნების შეჩერების თაობაზე, ვიდრე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმა არ ჩატარდება. ისინი იშველიებენ კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირჩევა 4 წლის ვადით. საბჭოს 4 მოსამართლე და 4 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ივნისის ბოლოს ეწერებათ, ერთს კი ვადა ამოწურული აქვს. შესაბამისად, 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 9 ახალი წევრია ასარჩევი.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს და აღნიშნეს, რომ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევის, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, შესაბამისი რეფორმების გატარებამდე უნდა შეჩერდეს. კახა კუჭავა საპასუხო წერილში წერს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი