ახალი ამბები

კუჭავას უარი დიპლომატებს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების გადავადებაზე

23 მაისი, 2021 • 1273
კუჭავას უარი დიპლომატებს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების გადავადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთნ დაკავშირებით აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ელჩების წერილს პასუხობს.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და “ევროპის საბჭოს” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა ფიქრობენ, რომ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევის, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, შესაბამისი რეფორმების გატარებამდე, უნდა შეჩერდეს. ამის შესახებ დიპლომატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მისწერეს.

კახა კუჭავა საპასუხო წერილში წერს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა.

“19 აპრილს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც, გარდა სხვა საკითხებისა, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პუნქტებსაც შეიცავს. შეთანხმების თანახმად, 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შესწავლილ უნდა იქნას სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების განხორციელების პრაქტიკა და მიგნებების საფუძველზე, სასამართლო რეფორმის ახალი პაკეტი უნდა შემუშავდეს. აღნიშნული პაკეტი უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებსაც. საქართველოს პარლამენტმა პირნათლად უნდა შეასრულოს პოლიტიკური შეთანხმების აღნიშნული პირობა და დოკუმენტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მომავალი წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღოს”, — წერს კუჭავა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები კანონში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ეხება და სრულად გაითვალისწინა ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით:

  1. შემოღებულ იქნა ღია კენჭისყრის წესი;
  2. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილება კანდიდატების წარდგენის შესახებ მიიღოს კანდიდატებისთვის მიკუთვნებული ქულების შესაბამისად;
  3. დაწესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ორმაგი გასაჩივრების წესი.

კუჭავას თქმით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ხელახლა გამოცხადდა ვაკანსიებზე განაცხადების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა. სწორედ აღნიშნული პირობა იყო ასახული პოლიტიკურ შეთანხმებაში.

“გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შესახებ სრულ შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებთან, რაც წარმოადგენს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილს, საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყოს კანდიდატების დამტკიცების პროცედურა”, — ნათქვამია კუჭავას წერილში.

პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს ამცნობს, რომ მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა.

“საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცება მიმდინარე წლის ივნისში ევალება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს. პარლამენტი ვალდებულია, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში გამოაცხადოს. ამასთან, საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს ვალდებულებას, საბჭოს წევრები პოლიტიკური პარტიების სათანადო ჩართულობით აირჩიოს. მე, საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე, პასუხისმგებელი ვარ უზრუნველვყო ეს პროცესი”, — აცხადებს კუჭავა.

კუჭავას თქმით, მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უპირველესი ვალია, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, აგრეთვე იმოქმედოს პოლიტიკური შეთანხების პირობების შესაბამისად.

“საქართველოს პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს”, — ნათქვამია კახა კუჭავას წერილში.

ივნისის ბოლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 არამოსამართლე წევრს — ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და ნაზი ჯანეზაშვილს —  უფლებამოსილების ვადა ეწურება. კიდევ ერთ არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძეს ვადა მარტის ბოლოს ამოეწურა. შესაბამისად, პარლამენტს 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი ჰყავს დასანიშნი.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მოუწოდებენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, 26 მაისს არ ჩაატარონ მე-19 რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ასევე, პარლამენტს მიმართავენ, დაჩქარებული წესით შეიმუშაოს და მიიღოს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება და საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი, შარლ მიშელის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას.

ეს მოთხოვნა გაიზიარეს დიპლომატებმაც, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და “ევროპის საბჭოს” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა კახა კუჭავას ახსენებენ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და ხაზს უსვამენ პასუხისმგებლობას, რომელიც პროცესში ჩართულმა მხარეებმა აიღეს მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების კუთხით. წერილში რეფორმა განხილულია, როგორც ევროკავშირის ფინანსური დახმარების წინაპირობა.

ჰარცელის, დეგნანისა და ვუტოვას თქმით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება შეიძლება შენარჩუნდეს იმ შემთხვევაში, თუ “[ხსენებული] ცვლილებები მიღებული იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომელიმე ახალი წევრის დანიშვნამდე და მოგვიანებით, უზენაესი სასამართლოს [მოსამართლეობის] კანდიდატურათა კენჭისყრის დაწყებამდე”.

“მართლაც, დანიშვნების ორივე პროცესის დაუყოვნებლივი პაუზა იქნება ნამდვილი ერთგულების დემონსტრირება მეტი გამჭვირვალობისა და მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაზრდის საქმის მიმართ”, — ნათქვამია დიპლომატების წერილში.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი