ახალი ამბები

სიძულვილის ენა აუცილებელი არ არის — სარჯველაძე ბელარუსზე

25 მაისი, 2021 • 976
სიძულვილის ენა აუცილებელი არ არის — სარჯველაძე ბელარუსზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პასუხობს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერ ხათუნა სამნიძის კრიტიკას ბელარუსის მიერ თვითმფრინავის გადამისამართებაზე არასათანადო რეაგირების შესახებ.

ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

“მე იმედი მქონდა, რომ პარლამენტში ამის თაობაზე იქნებოდა ძალიან ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ ამის ნაცვლად, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ საჯარო განცხადება, სიძულვილის ენას ხომ ვერ გამოიყენებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადების გაკეთების დროს. სიძულვილის ენა კი არა, უნდა იყოს მკაფიო პოზიცია ჩვენი ქვეყნისგან. ადამიანები, რომლებიც რეპრესიებს გაურბიან, ამ ქვეყანაში მოდიან და ჩვენგან უნდა ისმოდეს, რა პოზიცია გვაქვს”.

მიხეილ სარჯველაძემ სამნიძე დაადანაშაულა რეალობის არასწორად წარმოჩენაში.

“გაცხადდა, რომ ბელარუსში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თითქოს მწვავე არ იყო განცხადებები და თითქოს მხოლოდ იმით შემოვიფარგლეთ კომენტარში, რომ სიძულევილის ენის გამოყენება არ უნდა მოხდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რა ითქვა და გაკეთდა: აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო ცალსახა და მწვავე. იქ იყო შეფასება გაკეთებული, რომ ერთმნიშვნელოვნად დარღვეულია ადამიანის საყოველთაო უფლება, ეს არის დაუშვებელი, დაგმობილი იქნა და მოთხოვნილი და მოწოდებული იქნა დაუყოვნებელი რეაგირებისთვის. იგივე გავაკეთე მე და კითხვასთან დაკავშირებით, უფრო მწვავე ხომ არ უნდა ყოფილიყო ეს განცხადება, ვუპასუხე, რომ სიძულვილის ენა აუცილებელი არ არის, საზომად იქნას გამოყენებული. რეალობის სხვაგვარად წარმოჩენის მცდელობა, რაც აქ ოპოზიციური ლიდერებისგან ვისმენთ, არ არის მისაღები და გასაზიარებელი”, — აცხადებს სარჯველაძე.

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი.

ბელარუსელმა მილიციელებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა აღნიშნული ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ტერორიზმის აქტად შეაფასეს და მკაცრი ზომების მიღებას დაჰპირდნენ. ევროპულმა საბჭომ 24 მაისს მიიღო სასწრაფო გადაწყვეტილება ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ. აღნიშნულის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ მიეცეს ბელარუსულ ავიაკომპანია “ბელავიას” ევროპული აეროპორტების გამოყენების საშუალება, გარდა ამისა, ევროპულ ავიაკომპანიებს მოუწოდეს, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, არ გამოიყენონ ბელარუსის საჰაერო სივრცე. ევროპული საბჭოს ამ განცხადებამდე იგივე გადაწყვეტილება მიიღეს ბალტიის სახელმწიფოებმა და დიდმა ბრიტანეთმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა იმგვარი ფორმულირებით, რომ არც დაკავებული ჟურნალისტი უხსენებია და არც რამე მოწოდება გაუკეთებია.

“მივესალმებით “რაინეარის” რეისის უსაფრთხო დაშვებას მისი თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”, – დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უფრო მწვავე იყო საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია.”

ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში დასვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი