ახალი ამბები

საჭიროა დაპაუზება უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხებზე – ჰარცელი

24 მაისი, 2021 • 983
საჭიროა დაპაუზება უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნის საკითხებზე – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების არჩევის პროცესი უნდა დაპაუზდეს.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის საკითხი 19 აპრილის შეთანხმებაში განსაკუთრებით იყო ხაზგასმული. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის ჩატარება, რომ საბოლოოდ საკითხებზე გავლენა მოახდინოს და ამიტომ ხაზს უსვამს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში პროცესი დაჩქარებულად არ წარიმართოს.

“გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს ორი ტიპის დანიშვნა, ერთი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მეორე კი-იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც საჭიროა დაპაუზება, ვიდრე სწრაფად გავიაროთ, რადგან ამას ექნება გავლენა შემდგომ [მოვლენებზე]. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, უკვე არსებობს ევროკავშირის პირობა მიკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე დიდი ხანია ვმუშაობთ. ჩვენ ვეყრდნობით ვენეციის კომისიის 28 აპრილის მოსაზრებას. ახლა პარლამენტის ახალი შემადგენლობით არის შესაძლებლობა უფრო ინკლუზიური პროცესისთვის. რაც შეეხება უმაღლეს საბჭოში დანიშვნებს, ეს ასევე იყო შეთანხმებაში ხაზგასმული და გათვალისწინებული უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაჩქარდეს ეს პროცესები და იყოს ფართო გაგება, როგორი უნდა იყოს ეს პროცესები”, — განაცხადა ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩის გარდა, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელიც აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის გაგრძელება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებასთან თანხვედრაში არ არის. მისი თქმით, დანიშვნები რეფორმირებული სასამართლო სისტემის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს. ამასთან, ელჩი იუსტიციის უმაღლეს  საბჭოს 26 მაისს დანიშნული მოსამართლეთა კონფერენციის გადადებისკენ მოუწოდებს.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა.

კონფერენციაზე შერჩეულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია უნდა ჩაანაცვლონ, რომლებსაც ივნისის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კონფერენცია მაქსიმალურად ადრე დაინიშნა და ამის მიზანია, სასამართლო სისტემაში არსებულმა გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი