ახალი ამბები

ბაბუაზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო გვახარიამ “ალიას” სასამართლო მოუგო

24 მაისი, 2021 • 4638
ბაბუაზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო გვახარიამ “ალიას” სასამართლო მოუგო

ბაბუაზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საქმეზე გოგი გვახარიამ გაზეთ „ალიას“ სასამართლოში მოუგო.

ნეტგაზეთს გოგი გვახარიას ადვოკატმა, ჟანა ჩიქოვანმა უთხრა, რომ სასამართლომ „ალიას“ ცრუ ინფორმაციის უარყოფა და 2 000 ლარის ოდენობით მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თითქოს გოგი გვახარიას ბაბუა გალის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო, რომელმაც მოტყუებით მიითვისა მოსახლეობის თანხა.

თავად გოგი გვახარიას თქმით, მისი ბაბუა ქართული მინერალოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელსაც გალთან საერთო არაფერი ჰქონია.

ჩიქოვანი განმარტავს, რომ მართალია, მოსარჩელე მხარე 9 000-ლარიან მორალურ კომპენსაციას ითხოვდა, ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ „ალიას“ საქალაქო სასამართლომ ცრუ ინფორმაციის უარყოფა დაავალდებულა.

„თავიდან 9 000 ლარი გვქონდა მოთხოვნა, საიდანაც 2 000 ლარი დაეკისრა. მაგრამ ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეურაცხმყოფელი შინაარსისა და ღირსების შემლახველი სტატიის დაბეჭდვის გამო მორალური ზიანის დაკისრების საკითხი. ეს მნიშვნელოვანი და კარგია პრაქტიკის თვალსაზრისით.

არ არსებობს რაიმე კონკრეტული მითითება კანონში, რა შემთხვევაში რა შეიძლება იყოს თანხა, ამას სასამართლო განსაზღვრავს. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს. დიდ თანხას არ აკისრებს ხოლმე სასამართლო, თითქმის არასდროს…“, – გვიხსნის ადვოკატი.

ჟანა ჩიქოვანი ასევე იხსენებს, რომ თავდაპირველად „ალია“ აცხადებდა, რომ ბაბუის შესახებ ინფორმაცია მას წყარომ მიაწოდა, შემდეგ კი, პროცესის განმავლობაში. ასევე თქვა, რომ ბიოლოგიურ ბაბუას არ ეხებოდნენ.

„ძირითადად, იდეაში, რაც გვინდოდა სასამართლოს დაენახა, რაც საბოლოოდ დავანახეთ კიდეც, რომ რეალურად ბატონი გოგის მიმართ იყო ამ ტექსტის კონტექსტი მიმართული და არა მისი ბაბუის მიმართ… ბატონი გოგის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი ეს ტექსტი და სწორედ ამიტომაც დააკისრა სასამართლომ ზიანის ანაზღაურება“, – ამბობს ის.

მანამდე აღნიშნულ საკითხზე გოგი გვახარიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოსაც მიმართა. ქარტიამ საბოლოოდ აღნიშნულ საკითხზე ორი პრინციპის – მეხუთესა და მეშვიდეს – დარღვევა დაადგინა.

ქარტიის მეხუთე პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, ხოლო მეშვიდე პრინციპი ამბობს – “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

ვრცლად ქარტიის გადაწყვეტილება წაიკითხეთ აქ. 


გოგი გვახარიას ბაბუა გიორგი გვახარია 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1930 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში:

„მისი შრომები ძირითადად ეხება რეგიონული მინერალოგიის საკითხებს. ჩატარებული აქვს სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა სამეცნიერო–საწარმოო კვლევები. 1941 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის განყოფილების გამგე. გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949)“, – ვკითხულობთ ბიოგრაფიულ ლექსიკონში.

1967 წელს გიორგი გვახარია საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე გახდა, 1977 წლიდან კი საკავშირო მინერალოგიური საზოგადოების საქართველოს განყოფილების თავმჯდომარე იყო.

ამ თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

ბაბუაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო გოგი გვახარია “ალიას” სასამართლოში უჩივის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი