ახალი ამბები

გოგი გვახარიამ “ალიას” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა

30 მაისი, 2019 •
გოგი გვახარიამ “ალიას” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა

გოგი გვახარია გაზეთ „ალიას” მისი ბაბუის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის.

გოგი გვახარიას ბაბუა გიორგი გვახარია 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1930 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში:

“მისი შრომები ძირითადად ეხება რეგიონალური მინერალოგიის საკითხებს. ჩატარებული აქვს სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის  საბადოთა სამეცნიერო–საწარმოო კვლევები. 1941 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის განყოფილების გამგე. გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949)”, – ვკითხულობთ ბიოგრაფიულ ლექსიკონში.

1967  წელს გიორგი გვახარია საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე გახდა, 1977 წლიდან კი საკავშირო მინერალოგიური საზოგადოების საქართველოს განყოფილების თავმჯდომარე იყო.

„ალიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში კი ნათქვამია, რომ თითქოს გოგი გვახარიას ბაბუა გალის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო, რომელმაც მოტყუებით მიითვისა მოსახლეობის თანხა.

თავად გოგი გვახარიას თქმით, მისი ბაბუა ქართული მინერალოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელსაც გალთან საერთო არაფერი ჰქონია:

“ბაბუაჩემი, ქართული მინერალოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეცნიერი კაცი, რომელსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, გალელ აფერისტში რატომ “აერიათ”, ხვდებით ალბათ”, – წერს გვახარია საკუთარ ფეისბუკგვერდზე. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გოგი გვახარიას განცხადება წარმოებაში მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი