ახალი ამბები

იუმორის გრძნობაც რომ არ ჰქონიათ – გოგი გვახარია საზმაუს განცხადებაზე

25 ივნისი, 2019 • 3359
იუმორის გრძნობაც რომ არ ჰქონიათ – გოგი გვახარია საზმაუს განცხადებაზე

კინომცოდნე გოგი გვახარიას მიერ ფეისბუკზე გაკეთებულ კომენტარსა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ვაშაკიძის ფეისბუკ პოსტს  საზოგადოებრივი მაუწყებელი “პროვოკაციულ მოწოდებებს” უწოდებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.  

ვაშაკიძემ ფეისბუკზე რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართა:

რაც შეეხება გოგი გვახარიას, კინომცოდნემ აქტივისტ შოთა დიღმელაშვილს ფეისბუკზე დაუწერა კომენტარი და ჰკითხა, თუ აპირებდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისვლას:

ამის საპასუხოდ პირველი არხის თანამშრომლები შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული თუ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესის მქონე ადამიანები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს ამ ისედაც დაძაბულ პერიოდში.

“საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ცნობილი კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ფაქტობრივად მოუწოდებენ და აქეზებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ. სხვა დროს ამგვარი განცხადებები დარჩებოდა ჩვეულებრივ უპასუხისმგებლო გამოხატვის თავისუფლებად, რომელიც დიდ ყურადღებას არ იმსახურებს, მაგრამ არსებულ დაძაბულ ნერვულ ფონზე საზოგადოებაში, მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა ამჯერად საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყროთ საკითხის მორალურ მხარეს – სამშობლოსთვის გულანთებული ახალგაზრდების ემოციებით მანიპულირება და მათი წაქეზება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ნამდვილად ვერ ჩაითვლება ღირსეულ საქციელად”, – აცხადებს  საზოგადოებრივი მაუწყებელი.

“დაბეჯითებით მოვუწოდებთ ყველა ეგზალტირებულ თუ პოლიტიკური ინტერესების მქონე მოქალაქეს, ნუ ეცდება საკუთარი მიზნების მიღწევას სხვისი უფლებების შელახვის ხარჯზე”, – წერს მაუწყებლი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადების საპასუხოდ კინომცოდნე გოგი გვახარია “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ როდესაც ამხელა ტელევიზია კინომცოდნის მიერ ფეისბუკზე დაწერილ კომენტარს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, ასეთი ყურადღებისთვის მადლობას იმსახურებენ:

“პირველი არხი რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ იტანს, ეს ვიცოდი, მაგრამ იუმორის გრძნობაც რომ არ ჰქონიათ, ეს ახლა გავიგე. რა ”მოწოდება”?! სად დაინახეს აქ მოწოდება?! პირველი არხის ისტორიაზე გადაცემა მოვამზადეთ 2 წლის წინ. იქ ითქვა, რომ ყველა დიდი აქცია საქართველოში პირველი არხის შენობასთან მისვლით მთავრდებოდა. ეგ ვკითხე დიღმელაშვილს, არ მიდიხართ-მეთქი? ამხელა ტელევიზია რომ ”კინომცოდნის” ფეისბუკ კომენტარს (სტატუსს კი არა, კომენტარს!) სპეციალური განცხადებით გამოეხმაურება, მგონი, მადლობა უნდა ვუთხრა ასეთი ყურადღებისთვის” ,- ამბობს გოგი გვახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი