ახალი ამბები

ბაბუაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო გოგი გვახარია “ალიას” სასამართლოში უჩივის

14 აგვისტო, 2019 • 6999
ბაბუაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო გოგი გვახარია “ალიას” სასამართლოში უჩივის

ბაბუაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო გოგი გვახარია გაზეთ “ალიას” სასამართლოში უჩივის. როგორც გვახარიას ადვოკატი ჟანა ჩიქოვანი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, მოსარჩელე მხარე გაზეთისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო მის უარყოფას და მორალური ზიანის კომპენსაციას 9 000 ლარის ოდენობით ითხოვს.

“ეს ეხება სტატიას, რომელიც დაიბეჭდა “ალიაში” სათაურით, “რა უამბეს ალიას გოგი გვახარიას ბაბუაზე”. ბატონი გოგის ფოტო იყო გამოყენებული და ბაბუასთან მიმართებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად მცდარია. სასამართლოს მივმართეთ სამოქალაქო სარჩელით და ვითხოვთ ამ ინფორმაციის უარყოფას, რომელიც “ალიამ” გაავრცელა. ამასთან, ვფიქრობთ, რომ მოვითხოვოთ მორალური ზიანის ანაზღაურებაც, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ინფორმაცია გარკვეულ უფლებებს ლახავს როგორიცაა ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და ა.შ.” – ამბობს ადვოკატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, სტატიის სათაურში ისე ჩანს, რომ არსებობს წყარო, რომელმაც ჟურნალისტს უამბო ეს ამბავი, თუმცა თავად სტატიაში მხოლოდ ჟურნალისტია მითითებული და შესაბამისად, არანაირი მითითება არ არის იმასთან გაკეთებული, რომ მას ვიღცამ მოუყვა ეს ისტორია თუნდაც იმ მითითებით, რომ ვერ ასახელებს ვინ არის წყარო.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ აღნიშნული საქმე წარმოებაში მიიღო და განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.

გოგი გვახარიას ბაბუა გიორგი გვახარია 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1930 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში:

“მისი შრომები, ძირითადად, ეხება რეგიონალური მინერალოგიის საკითხებს. ჩატარებული აქვს სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა სამეცნიერო–საწარმოო კვლევები. 1941 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მინერალოგიის განყოფილების გამგე. გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949)”, – ვკითხულობთ ბიოგრაფიულ ლექსიკონში.

1967 წელს გიორგი გვახარია საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე გახდა, 1977 წლიდან კი საკავშირო მინერალოგიური საზოგადოების საქართველოს განყოფილების თავმჯდომარე იყო.

„ალიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში კი ნათქვამია, რომ თითქოს გოგი გვახარიას ბაბუა გალის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო, რომელმაც მოტყუებით მიითვისა მოსახლეობის თანხა.

თავად გოგი გვახარიას თქმით, მისი ბაბუა ქართული მინერალოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელსაც გალთან საერთო არაფერი ჰქონია:

“ბაბუაჩემი, ქართული მინერალოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეცნიერი კაცი, რომელსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, გალელ აფერისტში რატომ “აერიათ”, ხვდებით ალბათ”, – წერს გვახარია საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

აღნიშნულ საკითხზე გოგი გვახარიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოსაც მიმართა. ეთიკის ქარტიის საბჭომ აღნიშნულ საკითხზე სამი პრინციპის დარღვევა, მათ შორის, სიზუსტე, შესწორება და დისკრიმინაცია დაადგინა:

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ალიას ჟურნალისტმა ნანა სულავამ ქარტიის შემდეგი პრინციპები დაარღვია: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია). მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა კინომცოდნე გოგი გვახარიამ. სადავო სტატია გამოქვეყნდა სათაურით “რა უამბეს «ალიას» გოგი გვახარიას ბაბუაზე?” ტექსტის თანახმად, მოყვანილი ფაქტები ეხებოდა მას და მის ბაბუას. გოგი გვახარია მიიჩნევდა, რომ სტატია იყო ჰომოფობიური და მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი (ფაქტის განხრახ დამახინჯება), თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება” – აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში.

რაც შეეხება “ალიას” პოზიციას, გაზეთის რედაქტორმა მანანა გიორგაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ საპასუხო კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სასამართლოსგან გვახარიას სარჩელზე ინფორმაციას მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი