ახალი ამბები

კომიტეტმა ოპოზიციის მიერ ინიცერებულ ამნისტიის პროექტს მხარი არ დაუჭირა

24 მაისი, 2021 • 733
კომიტეტმა ოპოზიციის მიერ ინიცერებულ ამნისტიის პროექტს მხარი არ დაუჭირა

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული ამნისტიის პროექტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

თუმცა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს.

დღეს, 24 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის მომზადებულ კანონპროექტებს განიხილავენ. ფრაქციამ “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტების განხილვის გადადება მოითხოვა.

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

კანონპროექტით, ამნისტია არ გავრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გამონაკლის მუხლებზე:

  • 117-ე მუხლი — ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
  • 144-ის პრიმა მუხლები — წამება, წამების მუქარა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.

ამნისტია ასევე გავრცელდება დანაშაულის მომზადებაზე ან მცდელობაზე და პირობით მსჯავრზე. ამნისტია ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებასაც, თუ ჯარიმა კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის გადახდილი.

ბრალდებულის მიერ ამნისტიაზე უარის თქმის პროცედურა კანონპროექტში გაწერილი არ არის.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ შეტანილია ორი კანონპროექტი: ფრაქცია “ქართული ოცნების” და დეპუტატ შალვა შავგულიძის ავტორობით. ფრაქცია “ქართული ოცნების” კანონპროექტისგან განსხვავებით, ოპოზიციის პროექტით ამნისტია ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლს:

  • 225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილი — 1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა და 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა (ამ მუხლით ბრალდებულები არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები).
  • 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით — გარდა იმ პირისა, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ამასთან, 333-ე მუხლით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებზე ამნისტია ვრცელდება დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი