ახალი ამბები

მოსამართლეთა დანიშვნა: ელჩების შეხსენება კუჭავას და პასუხი “ოცნებიდან”

22 მაისი, 2021 • 2069
მოსამართლეთა დანიშვნა: ელჩების შეხსენება კუჭავას და პასუხი “ოცნებიდან”

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და “ევროპის საბჭოს” საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა ფიქრობენ, რომ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევის, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, შესაბამისი რეფორმების გატარებამდე, უნდა შეჩერდეს.

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც დიპლომატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მისწერეს.

ელჩების წერილს წინ უძღოდა მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები უნდა აირჩიონ. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ელჩების მსგავსად, ისინიც ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე, პროცესი უნდა შეჩერდეს.

რა წერია წერილში?

დიპლომატები კუჭავას კვლავ ახსენებენ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და ხაზს უსვამენ პასუხისმგებლობას, რომელიც პროცესში ჩართულმა მხარეებმა აიღეს მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების კუთხით.

“გვსურს, დავიწყოთ იმით, რომ მივესალმოთ თქვენს ერთგულებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისადმი, განსაკუთრებით, ძირითადი რეფორმების პროცესში ოპოზიციის ჩართულობის კუთხით. თქვენი როლი და მონაწილეობა გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანია.

19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, გაეტარებინათ მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა.

ისინი შეთანხმდნენ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეწყვეტასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებითი რეფორმის გატარებაზე, მათ შორის, დანიშვნების, შეფასებების, დაწინაურებების, დისციპლინური ზომებისა და საჩივრების კუთხით”, — მიმართავენ დეგნანი და ჰარცელი კუჭავას.

ელჩები ასევე ხაზს უსვამენ პროცესში ჩართულ მხარეთა პასუხისმგებლობას, რომელიც მათ რეფორმის გატარების “ინკლუზიურ პროცესში” საერთაშორისო მხარდაჭერისა და რჩევების მიღების კუთხით აიღეს. დიპლომატები განსაკუთრებით გამოყოფენ მოსამართლეთა მიუკერძოებლობის საკითხს; მათ შორის, იმ მოსამართლეებისა, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში ინიშნებიან.

წერილში რეფორმა განხილულია, როგორც ევროკავშირის ფინანსური დახმარების წინაპირობა:

“19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, პარლამენტს საკვანძო როლი აქვს კანონმდებლობაში ცვლილებების პრიორიტეტიზაციის საკითხში, იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების კუთხით.

ცვლილებებს, შეიძლება, წაადგეს ევროპის საბჭოს შესაბამისი სტანდარტები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ უკვე გაცემულ რჩევებთან, მათ შორის, ვენეციის კომისიის უკანასკნელ რეკომენდაციასთან ერთად.

ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი პირობა მომავალი მაკროფინანსური დახმარების მისაღებად ევროკავშირისგან”.

ჰარცელის, დეგნანისა და ვუტოვას თქმით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება შეიძლება შენარჩუნდეს იმ შემთხვევაში, თუ “[ხსენებული] ცვლილებები მიღებული იქნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომელიმე ახალი წევრის დანიშვნამდე და მოგვიანებით, უზენაესი სასამართლოს [მოსამართლეობის] კანდიდატურათა კენჭისყრის დაწყებამდე”.

“მართლაც, დანიშვნების ორივე პროცესის დაუყოვნებლივი პაუზა იქნება ნამდვილი ერთგულების დემონსტრირება მეტი გამჭვირვალობისა და მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაზრდის საქმის მიმართ.

ჩვენი მხრივ, მზად ვართ, უზრუნველვყოთ საერთაშორისო დონის რჩევები და მხარდაჭერა, როგორც ეს გათვალისწინებულია შეთანხმებაში…” — აღნიშნულია წერილში.

რა პასუხი აქვთ მმართველ გუნდში?

დიპლომატების ამ წერილს დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, რთულია ხანგრძლივი დროით ლოდინი, როცა საქმე დანიშვნების პროცესს ეხება.

“…[შეთანხმებაში] მითითებულია, რომ სასამართლო რეფორმა უნდა განხორციედეს 2022 წლის გაზაფხულის ჩათვლით. ბუნებრივია, როცა საუბარი ეხება დანიშვნებს, ძალიან რთულია, დაელოდო 1-წლიან პერიოდს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავხედავთ ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე, როგორც ეს არის საჭირო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის”, — დასძინა მან.

კიდევ ვინ და რატომ ითხოვს პროცესის შეჩერებას?

მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც 26 მაისს იგეგმება, უნდა შეარჩიონ კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის —  დიმიტრი გვრიტიშვილის, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძისა და ირაკლი შენგელიას — ჩასანაცვლებლად. უფლებამოსილების ვადა მათ ივნისის ბოლოს ეწურებათ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კონფერენცია მაქსიმალურად ადრე დაინიშნა და ამის მიზანია, სასამართლო სისტემაში არსებულმა გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება.

“როგორც წესი, კანდიდატების წარდგენისას არის სრულიად ფორმალური პროცესი. ასახელებენ მხოლოდ იმას, ვისზეც წინასწარ არიან შეთანხმებული. სრულიად დარწმუნებული ვარ, ჩინჩალაძის კლანი კალკულატორით ზის და უთანხმდებიან მოსამართლეთა კორპუსს, ვინ აირჩიონ”, — დასძენს ჯანეზაშვილი.

კონფერენციის ამ ვადებში ჩატარებას მიზანშეწონილად არც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ირმა მესხიშვილი მიიჩნევს.

“ვფიქრობ, როცა ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული დღეს, რა სამართლებრივი განვითარება ექნება ქვეყანას ხვალ, კონფერენციის ჩატარება, თუნდაც კანონის მოთხოვნის ფარგლებში, ახლა, ამ ვითარებაში, ძალიან არ არის მიზანშეწონილი. გარემოებათა მიზანშეწონილობის გათვალისწინება კი ყველა კანონის ნაგულისხმევი პირობაა”, — წერს მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

ხსენებული გადაწყვეტილება ოპოზიციაშიც გააკრიტიკეს. პარტია “ლელოს” ხედვით, კონფერენციის ახლა დანიშვნა ადასტურებს რეფორმის პოტენციალს, “პრობლემები შეუქმნას კლანს” სასამართლოს შიგნით. პარტიის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირები ცდილობენ, მსგავსი ნაბიჯებით თავი დაიზღვიონ რეფორმის შედეგებისგან.

ნაცვლიშვილის თქმით, პროცესის შესაჩერებლად პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

“ეს იქნება ტესტი პარლამენტისთვის”, — დასძენს ის.

მსგავსი პოზიცია აქვთ “სტრატეგია აღმაშენებელშიც”. გიორგი ვაშაძე კონფერენციის დანიშვნას სწორედ იმ მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირებს, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს:

“ეს არის კიდევ ერთი მზაკვრული მცდელობა “ქართული ოცნების” და მასთან დაკავშირებული სასამართლო კლანის მხრიდან, მოასწრონ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება, რადგანაც იციან, რომ მოუწევთ მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელება”.

ამ თემაზე კრიტიკული განცხადება “რესპუბლიკურმა პარტიამაც” გაავრცელა.

“საბჭოს სურს, თავისი “მხარდამჭერები” და მათივე ინტერესების შეუპასუხებლად გამტარებელი ადამიანები შემოიკრიბოს და არ ელოდება პარლამენტის მიერ რეფორმაზე მუშაობის დაწყებას”, — აღნიშნავს პარტია.

იუსტიციის საბჭოს ახალ წევრთა არჩევის შეჩერებას არასამთავრობო სექტორიც მოითხოვს. 9 არასამთავრობო ორგანიზაცია სხვა კრიტიკოსების მსგავსად დასძენს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც გულისხმობს.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მისდამი საზოგადოების ნდობის არსებობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რაც შეამცირებს ამ ინსტიტუტის შიდა და გარე გავლენების ინსტრუმენტად გამოყენებას.

იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი