ახალი ამბები

“ჩანდა, თითქოს აქ ყოფნა არ სურდა” – შვედი წამყვანები “ევროვიზიის” ქართველ კონკურსანტზე

21 მაისი, 2021 • 22927
“ჩანდა, თითქოს აქ ყოფნა არ სურდა” – შვედი წამყვანები “ევროვიზიის” ქართველ კონკურსანტზე

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის (STV) წამყვანებმა ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში გამოსვლამდე საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი გააკრიტიკეს.

როგორც წამყვანმა კრისტერ ბიორკმანმა შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, წლევანდელ ქართველ შემსრულებელზე ბევრის არაფრის თქმა შეუძლია, გარდა იმისა, რომ როკშემსრულებელია და ქართულ “იქს ფაქტორში” გაიმარჯვა.

მისმა თანაწამყვანმა კი დაამატა, რომ ყიფიანს როტერდამში საკმაოდ უცნაური კვირა ჰქონდა. კერძოდ, როგორც SVT-ის წამყვანმა განაცხადა, ყიფიანი ისე იქცეოდა, თითქოს “ევროვიზიაზე” ყოფნა არ სურდა.

ბიორკმანის თქმით, თორნიკე ყიფიანი რეპეტიციებზეც უცნაურად იქცეოდა:

“რეპეტიციებზე სცენის გარშემო დაბარბაცებდა და სიმღერას უცნაური ხმით ასრულებდა”, – თქვა SVT-ის წამყვანმა.

კონკურსის პირდაპირი ეთერის წამყვანებმა ასევე აღნიშნეს, რომ ყიფიანი უხეში იყო ჟურნალისტების მიმართაც.

საქართველოს წარმომადგენლი თორნიკე ყიფიანი “ევროვიზიის” ფინალში ვერ გადავიდა. ქართველმა კონკურსანტმა “ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალში სიმღერა You შეასრულა.

რამდენიმე თვის წინ თორნიკე ყიფიანმა საჯარო ფეისბუკ-პოსტში აგინა ხალხს “ვინც მათზე რამე ცუდს იტყვის”, ხოლო თავად ევროვიზიას „კურკლშოუ“ უწოდა. ყიფიანის გინებას არაერთი მოქალაქე გამოეხმაურა, მათი ნაწილი ითხოვდა, რომ ყიფიანი „ევროვიზიის“ კონკურსიდან მოეხსნათ. ამ მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც. მიუხედავად ამისა, თორნიკე ყიფიანს კონკურსში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს.

“კომენტარს არ ვაკეთებთ” – საზ.მაუწყებელი ევროვიზიის სკანდალზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი