ახალი ამბები

“კომენტარს არ ვაკეთებთ” – საზ.მაუწყებელი ევროვიზიის სკანდალზე

19 მარტი, 2021 •
“კომენტარს არ ვაკეთებთ” – საზ.მაუწყებელი ევროვიზიის სკანდალზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის მიერ ფეისბუკზე გინებაზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მზადებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ თორნიკე ყიფიანმა საჯარო ფეისბუკ-პოსტში ხალხს “ვინც მათზე რამე ცუდს იტყვის”, აგინა, ხოლო თავად ევროვიზიას „კურკლშოუ“ უწოდა.

ესეც ჩემი მორიგი სიმღერა, ეუროვიჟნ 2021 ისთვის, მოუსმინეთ და ისიამოვნეთ.
დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბრავო…

Posted by Tornike Kipiani on Tuesday, 16 March 2021

ყიფიანის ამ გინებას არაერთი მოქალაქე გამოეხმაურა, მათი ნაწილი ითხოვდა, რომ ყიფიანი „ევროვიზიის“ კონკურსიდან მოხსნან. ამ მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც.

„მან შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადეობას, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა საკონკურსო სიმღერის მიმართ.

თორნიკე თავის სტატუსში გამოირჩევა აგრესიული და დამამცირებელი რიტორიკით, რის საფუძველზეც, ქვეყნის იმიჯის შენარჩუნების მიზნით, მოგმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ თორნიკე ყიფიანი დისკვალიფიცირებულ იქნას 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან,“ – ნათქვამია პეტიციაში.

რაც შეეხება თავად თორნიკე ყიფიანის პოზიციას, მან რამდენიმე დღეში ახალი პოსტი გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ შეიგინა “ჰეითერების” მიმართულებით.


მუსიკალური კონკურსი „ევორვიზია“ წელს 18 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება. წელს ეს კონკურსი როტერდამში გაიმართება.

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო „ევროვიზიის“ კონკრუსი გადაიდო. 2020 წელსაც საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი იყო, ოღონდ სხვა სიმღერით –  Take Me As I Am (მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ).

წელს თორნიკე ყიფიანი სხვა სიმღერას წარადგენს, რომელსაც – You (შენ) ჰქვია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირია (EBU).  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია, შესაბამისად, საქართველოდან კონკურსანტის წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი