უკვე მე-3 დღეა მინერალური წყალი ბორჯომის ჩამომსხმელი ორი ქარხნის 350-მდე მუშა გაფიცულია. ისინი ხელფასების სულ მცირე 35%-ით მატებას ითხოვენ, თუმცა კომპანია ჯერჯერობით ამ მოთხოვნას არ თანხმდება.
გაფიცვის დაწყების შემდეგ მხარეები ერთმანეთს მოსალაპარაკებლად ჯერჯერობით არ შეხვედრიან. კომპანია უარს აცხადებს, მოლაპარაკების მაგიდას პროფკავშირებთან — გაფიცვის თანაორგანიზატორთან — ერთად მიუჯდეს. მშრომელებს კი პროფკავშირების გარეშე მოლაპარაკებები არ სურთ.
ვინ და რატომ გაიფიცა
მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნების მუშები ხელფასის მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით სამშაბათს, 18 მაისს, დილის 10 საათდან გაიფიცნენ.
პროფკავშირის თანახმად, — რომელიც ამ დავაში გაფიცულთა ინტერესებს წარმოადგენს, — კომპანიის 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა.
დასაქმებულების თანახმად, ისინი მუშაობენ „ბორჯომის“ N1 (ძირითად) და N2 (დამხმარე წყაროს წყლების) ჩამომხსმელ ქარხნებში.
მათივე განმარტებით, გაფიცულია სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანი: წყლის უბნის კოორდინატორები, ოპერატორები, მტვირთავები, ავტოდამტვირთველები, დამლაგებლები და ა.შ.
ერთ-ერთი გაფიცული, 36 წლის ზურაბ ბუხრიკიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა, ხელფასები 35-40%-ით გაუზარდონ და სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს.
„ადამიანები მუშაობენ მძიმე პირობებში და არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება“, – ამბობს იგი.
აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ:
- დასაქმებულების ხელფასები ერთი წლის განმავლობაში კლებულობდა;
- კადრების სიმცირის გამო, ისინი შესვენებით ვერ სარგებლობენ;
- ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უნაზღაურებენ.
მოთხოვნა და პასუხი
როგორც გიორგი დიასამიძე, პროფკავშირების წარმომადგენელი გვეუბნება, კომპანიის წარმომადგენლები საწარმოს საშუალო ხელფასად 2000 ლარს ასახელებენ, თუმცა:
„აქ გაჩვენებთ მენეჯერს, რომელსაც 30 000 ლარი აქვს ანაზღაურება, თუმცა გაფიცვაზე გაჩვენებთ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ 460 ლარი აქვთ ანაზღაურება“.
გაფიცული ზურაბ ბუხრიკიძე ამბობს: „არის უბნები, სადაც 400, 500 და 600 ლარია ხელფასი. არიან მტვირთავები, რომლებიც მზეში თუ ყინვაში მუშაობენ და 1000 ლარს იღებენ, თუმცა, შრომის და დატვირთვის ფონზე, არაა შესაბამისი ეს ხელფასი“.
„ვითხოვთ ხელფასების 35-40%-იან მომატებას და გათანაბრებას, რომ ვისაც დაბალი აქვს, იმას მხოლოდ მცირედით არ მოემატოს. ეს ასე 300-400 ლარის დამატებას ნიშნავს. ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, — ინფლაციაა, დოლარის კურსი, ფასების გაძვირება, — ეს თანხა აღარაა საკმარისი ოჯახის სარჩენად“, – გვეუბნება იგი.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა დამსაქმებელ კომპანიას ხელფასებთან დაკავშირებით კითხვით; ჩვენ მათ ასევე ვკითხეთ, თუ რას სთავაზობენ გაფიცულებს მოთხოვნებზე პასუხად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
„პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია“
კომპანიის პოზიციის შესახებ ინფორმაცია პროფკავშირმა გაავრცელა. უფრო ზუსტად, გაავრცელა კომპანიის განცხადება, რომელიც საწარმოში გააკრეს, სადაც ადმინისტრაცია წერს, რომ:
„კომპანიის წარმომადგენელთა მიერ პირველ მაისს გახმიანდა შეთავაზება დასაქმებულთა მიმართ ხელფასების მატების შესახებ საკმაოდ სოლიდური ოდენობით“, თუმცა ეს ოდენობა დაზუსტებული არ არის.
„მათი მხრიდან საუბარი იყო ძალიან ელემენტარულზე, სადღაც 10%-იან მატებაზე, და 100 ლარი გამოდის და ეგ ჩვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი“, – ამბობს ზურაბ ბუხრიკიძე.
ამასთან, ზემოთ აღნიშნულ განცხადებაში ეწერა: „წინამდებარე წერილით კომპანია ოფიციალურად გატყობინებთ, რომ გაფიცული დასაქმებულების მიმართ ძალას დაკარგავს კომპანიის ყველა შეთავაზება ხელფასების მატების შესახებ“.
პროფკავშირის ხელმძღვანელის, გიორგი დიასამიძის შეფასებით, ეს გარემოება ააშკარავებს კომპანიის მხრიდან „პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას“.
ამასთან, დასაქმებულებისადმი მიმართვის თანახმად, ხელფასის მატების შეთავაზება მხოლოდ მათთვის დარჩება ძალაში, ვინც არ გაიფიცება.
გაფიცულების თანახმად, ამჟამად ყველა თანამშრომელი გაიფიცა, კომპანია კი წერს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი“.
საწარმოები გაჩერდა – „მოსალოდნელი პროვოკაციების გამო“
19 მაისს კომპანიამ გამოაცხადა, რომ ორივე საწარმოს მუშაობა შეჩერდა, თუმცა ამის საფუძვლად შემდეგი გარემოება დაასახელა:
„აქციის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს ქარხნებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რაც დღესაც გრძელდება. როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას“.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია და მათი ქმედებები გამოხატვის თავისუფლების ნორმებში ჯდება: „მანქანები არ შევუშვით და მოვუწოდეთ, შემოგვიერთდნენ. მათ რომ მუშაობა დაიწყონ, რისთვის ვართ, აბა, გარეთ? შევაჩერეთ და შემდეგ მძღოლებმა სოლიდარობა გამოგვიცხადეს კიდეც“, – გვითხრა ზურაბ ბუხრიკიძემ.
დამსაქმებელი აცხადებს, რომ ქარხნების მუშაობა განახლდება „უკანონო ქმედებების შეწყვეტისთანავე“.
არშემდგარი მოლაპარაკებები
აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თანახმად, გაფიცვა კანონიერია და მას წინ უძღოდა 21-დღიანი მედიაციის პროცესი, რამაც შედეგი ვერ მოიტანა. გაფიცვის შემდეგ მხარეები ჯერჯერობით ერთმანეთს არ შეხვედრიან.
19 მაისს გაფიცულებთან ჩავიდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მშრომელების პრობლემების მოსმენის შემდეგ ის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ობოლაშვილმა მედიას განუცხადა, რომ „საწარმო მზად არის თითოეული საკითხის განხილვისთვის“ და „ის მოთხოვნები, რაც თანამშრომლებს აქვთ, ფაქტობრივად, განხილული აქვთ და დაახლოებული არის პოზიციები“.
ობოლაშვილმა თქვა, რომ ანაზღურებასთან დაკავშირებული მოთხოვნა „თითქმის დაკმაყოფილებულია“ და „დარჩა მხოლოდ და მხოლოდ შეხვედრის ეტაპი, რომ მოხდეს საბოლოო შეჯერება და აისახოს ხელშეკრულებებზე“.
შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა დასაქმებულებს უთხრა, რომ ადმინისტრაცია თანახმა იყო „დეპარტამენტების მიხედვით, ცალ-ცალკე შეხვედრაზე“, რაზეც დასაქმებულები დათანხმდნენ, თუმცა, მხოლოდ პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად. ამაზე კი, დასაქმებულების ბოლო ინფორმაციითვე, კომპანია უარს ამბობს.
„მოლაპარაკებებზე პროფკავშირების გარეშე არ წავედით იმიტომ, რომ გვერდში დაგვიდგა. ჩვენი გამოსვლები გაითავისა და გვერდზე დაგვიდგა“, – გვითხრა ზურაბ ბუხრიკიძემ.
პროფკავშირის ხელმძღვანელის, გიორგი დიასამიძის თქმით, მშრომელები მათი ჩართულობის გარეშე მოლაპარაკებების გამართვაზე უარს ამბობენ, „რადგან აცხადებენ, რომ ერთი წელია კომპანიის წარმომადგენლები ატყუებენ და ფიქრობენ, რომ მომავალშიც მოატყუებენ პროფაკშირის გარეშე“.
კომპანიის შესახებ
კომპანიას, რომელშიც გაფიცულები მუშაობენ, ჰქვია შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გიორგი პავლოვი.
ეს კომპანია, თავის მხრივ, ეკუთვნის ნიდერლანდებში რეგისტრირებულ „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“.
რა ხდება ახლა
20 მაისს მათ ჯერჯერობით მანქანებით მსვლელობა გამართეს ბორჯომში და მოსახლეობას მოუწოდეს, შეუერთდნენ, შემდეგ კი, 14:00 საათზე, აქცია გამართეს.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ მანამ, სანამ მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებენ.