ახალი ამბები

“ეტყობა, იმიტომ თქვეს, მატყუარები არ გამოჩენილიყვნენ” — იმნაძე საპატრიარქოზე

21 მაისი, 2021 • 1391
“ეტყობა, იმიტომ თქვეს, მატყუარები არ გამოჩენილიყვნენ” — იმნაძე საპატრიარქოზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს, რომ საპატრიარქოს წვდომა აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კუთვნილ პაციენტების მონაცემთა ბაზაზე, თუმცა, ფაქტობრივად, ადასტურებს ავტორიზებული ექიმების მიერ ინფორმაციის არაავტორიზებული პირებისთვის გაზიარების შესაძლებლობას.

რა ხდება?

19 მაისს საქართველოს საპატრიარქოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის გასაშუქებლადაც ჟურნალისტები უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვით დაუშვეს. ჟურნალისტების ცნობით, საპატრიარქოში შესვლისას მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმებები შეამოწმეს ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჰქონდათ თუ არა კორონავირუსი გადატანილი ან ტესტი ჩატარებული.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ გადაამოწმებდნენ ამ ინფორმაციას, აქვთ თუ არა რაიმე ბაზაზე წვდომა, საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა:

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ საავადმყოფო გვაქვს, რომელიც მოწყობილია კოვიდ-ვითარების შესაბამისად. ეს საავადმყოფო 10 000-მდე ადამიანს მოემსახურა და, რა თქმა უნდა, გვაქვს“.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის ვერ ერკვევა, რომელ ბაზასთან აქვთ წვდომა, მაგრამ იცის, რომ ვაქცინაციის შესახებ მონაცემები ერთ ბაზაში რეგისტრირდება. დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ეს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზა, ჯაღმაიძემ უპასუხა: “რა თქმა უნდა“.

პაატა იმნაძის განმარტება

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საპატრიარქოს მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე შესაძლო წვდომის საკითხის შესწავლა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უარყო საპატრიარქოს წვდომა ჯანდაცვის ბაზებზე.

“ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ეტყობა, ეს იმიტომ იყო ნათქვამი, რომ მატყუარები არ ყოფილიყვნენ… ნამდვილად არა აქვთ წვდომა. წვდომა არის ძალიან კონფიდენციალური. მინდა გითხრათ, რომ მეც კი არა მაქვს წვდომა. როდესაც მჭირდება რამე ინფორმაციები ხოლმე, უნდა ვთხოვო იმათ, ვისაც წვდომა აქვთ, იმიტომ, რომ გვარები და სახელები სადაც ჩანს, დამერწმუნეთ, იმაზე მეც კი არა მაქვს წვდომა. ძალიან ცოტა ადამიანია ჩვენთანაც კი, ვისაც ამ ბაზებთან დაშვება აქვს”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საპატრიარქოს მხრიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის საკითხს შეისწავლიან.

პაციენტების მონაცემთა ბაზის შესახებ

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო ფლობს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემას (EHR), რაც არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავი. აღნიშნულ სისტემას NCDC აწვდის ცნობებს იმუნიზაციის შესახებაც. სისტემის მიზანია, დადგენილი წესით, ავტორიზებული პირებისგან შეაგროვოს, შეინახოს, გაზიარებადი გახადოს და დაამუშაოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები და ამით ხელი შეუწყოს ინტეგრირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებას.

სისტემასთან წვდომა აქვთ პაციენტს და ავტორიზებულ ექიმს, რომელიც უფლებამოსილია მონაცემები დაამუშაოს მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის (სამედიცინო მომსახურების), პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების რედაქტირების მიზნით და პაციენტის მოთხოვნით. ამასთან, ექიმის მიერ EHR სისტემაში გადაცემული მონაცემები ჩვეულებრივ ხილულია სისტემაში ავტორიზებული ყველა ექიმისთვის, თუ პაციენტს დაფარული არ აქვს ეს ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, საპატრიარქო წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს ფლობს. თუ ჩავთვლით, რომ აღნიშნული სამედიცინო ცენტრის ავტორიზებულ ექიმს ჰქონდა წვდომა ელექტრონული ჩანაწერების სისტემასთან, ბაზაში დაცული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ექიმისთვის და არა — საპატრიარქოსთვის.

ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობაში. აღნიშნული კანონით ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აკრძალულია, გარდა გამონაკლისი და მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის შემთხვევებისა.

საპატრიარქოში მხოლოდ კოვიდგადატანილი და ტესტირებული ჟურნალისტები შეუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი