ახალი ამბები

საპატრიარქოში მხოლოდ კოვიდგადატანილი და ტესტირებული ჟურნალისტები შეუშვეს

19 მაისი, 2021 • 1405
საპატრიარქოში მხოლოდ კოვიდგადატანილი და ტესტირებული ჟურნალისტები შეუშვეს

სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტების თანახმად, 19 მაისს ისინი უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვით შევიდნენ საპატრიარქოში და შეამოწმეს, ჰქონდათ თუ არა მათ კორონავირუსი გადატანილი ან ტესტი ჩატარებული.

ჟურნალისტების ცნობით, საპატრიარქოში შესვლისას მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმებები შეამოწმეს და განუცხადეს, რომ გადამოწმდება ინფორმაცია, აქვთ თუ არა კორონავირუსი გადატანილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ გადაამოწმებდნენ ამ ინფორმაციას, აქვთ თუ არა რაიმე ბაზაზე წვდომა, საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა:

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ საავადმყოფო გვაქვს, რომელიც მოწყობილია კოვიდ-ვითარების შესაბამისად. ეს საავადმყოფო 10 000-მდე ადამიანს მოემსახურა და, რა თქა უნდა, გვაქვს“.

„ზოგადად ბაზასთან წვდომა აქვს მას [ჯანდაცვის სამინისტროს ბაზასთან], რა თქმა უნდა“, – თქვა მან დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად.

ჟურნალისტების კითხვაზე, ამით ირღვევა თუ არა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა, თქვა: „მე არ ვიცი, ალბათ ხელმისაწვდომია. ისეთ საკითხში შევდივარ, რისი კომპეტენციაც არ მაქვს“.

როგორც ცნობილია, საპატრიარქო წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს ფლობს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრის კითხვით, როგორ და რა დასაბუთებით მიუწვდება საპატრიარქოს ხელი სამინისტროს ბაზაზე. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი