საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა.
ამის შესახებ საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელსაც პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერა აქვს დართული.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილი აცხადებდა, რომ საპატრიარქოში კომისიაზე სამშაბათს, 16 დეკეებრს იყო დაბარებული, თუმცა ბრძანება დღეს, 15 დეკემბერს გამოქვეყნდა.
„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი“, – წერია საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
მანამდე, 29 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში განაწესა.
ეპარქიულმა კომისიის განცხადებით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, „ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები“.
ამის შემდეგ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ყოველ კვირაში პარაკლისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ატარებდა ხოლმე.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილი ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს რეპრესიებისა და აქციის მონაწილეების დარბევის გამო და მონაწილეობს პროევროპულ, უწყვეტ საპროტესტო აქციებში.







