“საშინელება” — ასე აღწერენ თბილისში, პეკინის 41-ში, ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის ბინადრები აქ 30-წლიან ცხოვრებას. თუმცა მაინც ამბობენ, რომ “სულ არაფერს აქ ყოფნა” ურჩევნიათ. 18 მაისს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის დროს აქ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მეხანძრეებმა არაერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
გაურემონტებელი შენობა, ჩამონგრეული კედლებით და ძველი საკანალიზაციო სისტემით ბევრი ადგილობრივისთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს.
შენობაში, რომელში ცხოვრებაც ადგილობრივებისთვის “სულ არაფერს სჯობს”, 400-დან 500 ოჯახამდე ცხოვრობს. ხშირად, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ოჯახები 12-20 კვადრატული მეტრის ფართში ცხოვრობენ, ნაწილს კი საერთო აბაზანა-ტუალეტებით უწევს სარგებლობა.
ვიწრო, ჩაბნელებულ დერეფნებში 18 მაისს მომხდარი ხანძრის სუნი დღემდე დგას. კიბეებზე კი ხანძრისგან გადარჩენილი ნივთებია თავმოყრილი. ხანძრის შედეგად რამდენიმე ოჯახს ბინა დაეწვა. ხანძრის დროს გარდაიცვალა 35 ქალი. ამ დროისთვის არ არის ოფიციალური დასკვნა, თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, თუმცა ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობებში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ადგილობრივების ნაწილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ზოგ მოსახლეს სახლში ელექტროენერგია კუსტარულად აქვს გაყვანილი, რაც ხშირი ხანძრების მიზეზი ხდება.
ხანძრის შედეგად განადგურდა ერთ-ერთი ადგილობრივის, დოდო შარიას ფართიც. მისი თქმით, სრულად დაიწვა ადგილი, სადაც სამზარეულო ჰქონდა განთავსებული. ამავე სართულზე, დამწვარი სამზარეულოს გვერდით, არის 18 კვადრატული მეტრი ფართი, სადაც დოდო შარია ოჯახის 4 წევრთან ერთად ცხოვრობს. მართალია, ეს ოთახი ხანძარს გადაურჩა, თუმცა დამწვარია სახლის კარი და ოთახის მახლობლად არსებული სივრცეები.
მისი თქმით, დევნილთა სამინისტრო ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სთავაზობს, რომ 3 თვის განმავლობაში გადაუხდიან 300 ლარს, შემდეგ კი ოჯახმა არ იცის, რა მოხდება.
“მე არსად მაქვს წასასვლელი და არც ქირის გადახდის საშუალება მაქვს. ჯერ არც ის ვიცით, ეს ადგილი ისევ ივარგებს თუ არა საცხოვრებლად. არც რემონტის შესაძლებლობა მაქვს”, — ამბობს დოდო შარია.
კორპუსში არსებულ სხვა პრობლემებზე ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ასმათ ბერიაც გვესაუბრა. მისი თქმით, შენობის ერთ ნაწილში არსებული კანალიზაციის სისტემა საერთო საცხოვრებლის აშენების შემდეგ არ შეცვლილა. დაჟანგული მილები ხშირად ფუჭდება, კორპუსის მცხოვრებლებს კი სისტემის შესაცვლელად არ აქვთ ფინანსური რესურსები.
“ძალიან ხშირად გამსკდარა მილები, მერე ჩვენით შეგვიკეთებია, როგორც შეგვეძლო. ან რამეს მივაკრავთ ხოლმე, ან წებოს წავუსვამთ და ასე ვამაგრებთ, რომ კანალიზაცია არ გამოვიდეს. არის სართულები, სადაც მუდმივად ჟონავს კანალიზაციის წყალი. ეს რომ უფრო მასშტაბურად გასკდეს ერთ დღეს, მგონია, რომ სართულსაც წაიღებს”, — ჰყვება ასმათ ბერია.
ასმათის თქმით, კორპუსში ცხოვრობენ ოჯახებიც, რომლებმაც ტუალეტისთვის განკუთვნილი სივრცეები საცხოვრებელ ფართად გადააკეთა, რადგან ოჯახის წევრების მატების გამო თავდაპირველად დაკავებულ სივრცეებში ვეღარ ეტეოდნენ. ასმათი ფიქრობს, რომ ამ ოჯახებისთვის კანალიზაცია განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
“გასკდომის საფრთხის გარდა, ისეთი მოძველებულია ეს სისტემა, სულ დაჟანგულია, ეს რომ გაქვს სახლში, რამდენ ცუდ ნივთიერებას გამოყოფს და უწევთ ამის სუნთქვა”, — ამბობს ასმათი.
თავად ასმათი ოჯახთან ერთად უკვე 28 წელია, ყოფილ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. სახლის კედელზე ამ დრომდე გამოკრულია გემის კაპიტნის ქუდი, რომელიც მის მეუღლეს აფხაზეთში ცხოვრებისას ეკუთვნოდა. ასევე მისაღებ ოთახში დევს ასმათის მეუღლის მიერ კალმით ნახატი ოჯახის ძველი სახლი, რომელიც აფხაზეთში დატოვეს.
ასმათი და მისი ოჯახი თავდაპირველად იმავე შენობაში სხვა სახლში ცხოვრობდნენ, თუმცა ოჯახის წევრების მატების შემდეგ სახლი შენობის პირველ სართულზე ბანკიდან გამოტანილი სესხით ააშენეს. ასმათი იხსენებს, რომ ამ ადგილზე ადრე ნაგავი ეყარა, ახლა კი მის მიერ აშენებული სახლი უკანონოდ ითვლება და მერიამ 25 ათასი ლარით დააჯარიმა კიდეც.
“თუ რამე გამაჩნია, ყველაფერი ჩემი შრომით გავაკეთე. არ ვთხოვ სახელმწიფოს, რომ მომცეს რამე, უბრალოდ, რაც გამაჩნია, ეს მაინც შემინარჩუნოს. აქ იყო ეზო, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული. როცა არ გაქვს საკმარისი საცხოვრებელი ფართი, იძულებული ხარ, რამე მოიმოქმედო”, — ამბობს ასმათი.
ასმათი ნეტგაზეთთან იხსენებს, რომ აფხაზეთის დატოვების შემდეგ მის ოჯახს არაფერი გააჩნდა გარდა იმ ტანსაცმლისა, რომელიც ეცვათ. 3 შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთი თვის განმავლობაში ახლობელთან ცხოვრობდა, შემდეგ კი გაიგო, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში დევნილები სახლდებოდნენ.
როგორც ის გვიყვება, ოთახს, რომელშიც ისინი თავიდან შესახლდნენ, კარ-ფანჯარაც კი არ ჰქონდა. შემდეგ ყველაფერი თავად გააკეთეს, მოაწყვეს ოთახი და სახლად აქციეს.
“ფიზიკურად შევეჩვიეთ ამ მდგომარეობას, მაგრამ სულით ვერა, ძალიან ჭირს… შედარებას რომ აკეთებ, სადაც გიცხოვრია, როგორც ცხოვრობდი, ძალიან ჭირს. თავიდან 5 წელი მაინც გვქონდა იმედი, რომ რამე გამოსწორდებოდა, მერე მივხვდით, რომ ასე მოგვიწევდა ყოფნა. უკვე 30 წელია, იმის მოლოდინში ვართ, რომ უკეთ ვიცხოვრებთ, მაგრამ არაფერი…”, — ამბობს ასმათი.
ყოფილ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს 65 წლის პენსიონერი იზოლდა მოსიძე, რომელიც შენობის დათვალიერებისას შეგვხვდა. თეთრთმიანი ქალი მის ქვედა სართულზე, მეზობლის წვიმისგან დამცავ თუნუქზე მტრედებს უყრიდა საკენკს. იზოლდამ მოგვიყვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლიდან იშვიათად გადის, სახლში ყოფნისას კი მხოლოდ ორი რაღაცით, ტელევიზორის ყურებითა და მტრედებისთვის საკენკის დაყრით იქცევს ხოლმე თავს.
იზოლდა აფხაზეთიდან არის დევნილი და თბილისში, პეკინის 41 ნომერში 1995 წლიდან ცხოვრობს. ომის დროს მან ოჯახის სამი წევრი დაკარგა.
“ძმა ომში დამეღუპა, დედა და და სოხუმის დაცემისას გარდაიცვალნენ. მას შემდეგ სულ მარტო ვცხოვრობ”, — ჰყვება იზოლდა.
ის ამბობს, რომ ყოფილ სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების დაწყება ძალიან გაუჭირდა ხალხს.
როგორც პენსიონერი იხსენებს, სოხუმში დიდი, კარგად მოწყობილი ეზო-კარი ჰქონდა, ბოლო 26 წლის განმავლობაში კი 14 კვადრატულ მეტრში უწევს ცხოვრება, სადაც არც სააბაზანოა, არც ტუალეტი და არც სამზარეულო.
“თავიდან რიგები იდგა ხოლმე ტუალეტში, მერე ზოგმა გაიკეთა საპირფარეშო სახლშივე, მე მარტოხელა პენსიონერი ვარ და არ მაქვს ამის შესაძლებლობა”, — გვიყვება იზოლდა.
დერეფანში მდებარე ტუალეტში კანალიზაციის დაჟანგული მილებია, კედლები კი, ობიანი და ჩამოშლილი. ასევე, არ არის სივრცე, სადაც იზოლდა შხაპის მიღებას შეძლებდა.
“დაბანაც ძალიან მიჭირს, ხან ნათესავებში დავდივარ, ხან მეზობლებში. მეტი საშუალება არ მაქვს, რამე რომ გავაკეთო”, — ამბობს იზოლდა.
65 წლის ქალი ამბობს, რომ შენობაში ცხოვრება მისთვის შიშთან არის დაკავშირებული, რადგან “არავინ იცის, რა როდის მოხდება”. მისი თქმით, შენობაში ხშირია პატარ-პატარა ხანძრები, ასევე ხშირად ფუჭდება ლიფტიც.
“რა დროს რა დაგვემართება, არ ვიცით, ღმერთის იმედად ვართ”, — ამბობს იზოლდა.
ვინ არის პასუხისმგებელი ყოფილ საერთო საცხოვრებელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე? — ამ საკითხის გარკვევა ნეტგაზეთმა სახელმწიფო უწყებებთან სცადა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ყოფილ საერთო საცხოვრებელში არსებული საერთო სარგებლობის ფართები 2020 წელს გადაეცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე პასუხისმგებლებიც ამ დროიდან ისინი არიან.
“თავის მხრივ, ამხანაგობა უფლებამოსილია მიმართოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებაში დახმარების მოთხოვნით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად”, — ნათქვამია სააგენტოს მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ბინების დაკანონების საკითხს, სააგენტოს ცნობით, არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცედურა 2009 წლიდან დაიწყო, მიმდინარე წელს კი ფართები 7 ოჯახს დაუკანონდა. ამ დროისთვის მისამართზე არსებული ფართები დევნილ ოჯახებს სრულად აქვთ გადაცემული საკუთრებაში. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე ოჯახი, რომლებიც, სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა მიზეზის გამო არ იკანონებენ მათ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას.
საბურთალოს რაიონის გამგეობაში კი განმარტეს, რომ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის საფუძველზეც ამხანაგობამ თავად უნდა მიმართოს გამგეობას, რის შემდეგაც განიხილება რეაბილიტაციის საკითხი.
გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე იგეგმება წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ პროცესების დასაწყებად გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადებას ელის.
ამასთან, გამგეობაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს კორპუსში შეკეთდა ლიფტი, 2019 წელს კი, გარე კიბეები, რომელზეც უსაფრთხოების მიზნით მოეწყო მოაჯირები და გისოსები. 2018 წლიდან ამხანაგობას სხვა განცხადებით არ მიუმართავს გამგეობისთვის.
შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კი, გამგეობის ინფორმაციით, 18 მაისს, ხანძრის დღეს, თბილისის მერიის მუნიციპალურ ლაბორატორიაში წერილი გაიგზავნა კორპუსის მდგრადობის შესახებ. ამ დროისთვის უცნობია, როდის იქნება ლაბორატორიის დასკვნა.
ამასთან, გამგეობაში განმარტეს, რომ კორპუსში არსებული ელექტროგაყვანილობის გამართულობა მათ პასუხისმგებლობას სცდება. იგივეს ამბობს “თელასიც”. როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუმარტეს, მათი პასუხისმგებლობა მრიცხველთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე ვრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირი კომპანიას მიმართავს განცხადებით, რომ მის მრიცხველს სხვა მაცხოვრებელი იყენებს არაკანონიერად, “თელასი” შეამოწმებს და დარღვევის დადგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებს ამ მაცხოვრებელს. თუმცა, ამის გარდა, თუ ადგილობრივები კუსტარულად შეცვლიან რაიმეს ელექტრობასთან დაკავშირებით, ამაზე რეაგირება “თელასის” პასუხისმგებლობას სცდება და კორპუსის მცხოვრებლებს ეხება.
პეკინის #41-ში მცხოვრებ მოსახლეობას ის დარჩენია, ცხოვრება გააგრძელოს ისევ ისე, როგორც აქამდე — მუდმივ შიშსა და ინფრასტრუქტურული პრობლემებით გამოწვეული უბედური შემთხვევის მოლოდინში, როგორც ეს 18 მაისის ტრაგიკულ დღეს მოხდა. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, აქ მცხოვრები ოჯახები, საერთო სიდუხჭირის ფონზე, რამდენად შეძლებენ დამოუკიდებლად, პირადი სახსრებით მრავალსართულიან სახლში ინფრასტრუქტურა იმგვარად მოაწესრიგონ, რომ ელემენტარული უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.