ახალი ამბები

ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე – წულუკიანი გელათზე

20 მაისი, 2021 • 1349
ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე – წულუკიანი გელათზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, გელათში “ხარაჩოებზე დაუკითხავად ბოდიალი” ტაძრის ისედაც დაზიანებულ ფრესკას კიდევ უფრო აზიანებს. ამის შესახებ მან დღეს, 20 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“2008 წლიდან 2020 წლამდე, სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრი დაარქვით, თუ გნებავთ ამას, მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექპერიმენტი. ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, საექსპერიმენტოდ  სწორედ გელათი შეირჩა.

ეს იყო, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი. მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ასეთ, ყველასათვის გასაგებ სიტყვას – ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, იმიტომ, რომ ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის”, — განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს თხოვნით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გელათში ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის.

“დროებითი გადახურვა, რბილად რომ ითქვას, არ უხდება ამ ძეგლს, მაგრამ არის აუცილებელი, უზრუნველყოფს იმას, რომ იქ წყალი აღარ ჩადის, თუმცა უკვე წარსულში ჩასული წყლის გამო, რა თქმა უნდა, ტენიანობა არის ტაძარში. ამიტომაც, კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ, თავი შეიკავეთ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე. მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის. თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან, რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ამგვარმა მოძრაობამ არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები, ამიტომ სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისათვის”, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი