ახალი ამბები

“უსაფუძვლო და უსამართლოა” — ” ევროპელი სოციალისტები” ინაშვილს პასუხობენ

19 მაისი, 2021 • 1289
“უსაფუძვლო და უსამართლოა” — ” ევროპელი სოციალისტები” ინაშვილს პასუხობენ

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია არ ეთანხმება ირმა ინაშვილის განცხადებას იმის შესახებ , რომ  „ევროპელი სოციალისტები“ ცდილობენ, მიისაკუთრონ „პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში.

ფრიდონ ინჯიას განცხადებით, წინა, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის წესს, „ევროპელი სოციალისტები“ ვერც ვერავის წაართმევს და ვერც ვერავის დაუნიშნავს წევრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამავე კანონიდან გამომდინარე”.

„პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავდა წარმომადგენელი ცესკოში, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე მიღებული შედეგებიდან და მოქმედი კანონიდან გამომდინარე, ცესკოს წევრობის უფლებამოსილება გასული წლის დეკემბრის თვეში შეუწყდა, რა გადაწყვეტილებაც არანაირად არ იყო და ვერ იქნებოდა დაკავშირებული „ევროპელ სოციალისტებთან“. აქედან გამომდინარე, ყველა ის ბრალდება, რომელიც ისმის „ევროპელი სოციალისტების“ მიმართ, მიგვაჩნია უსაფუძვლო და უსამართლო.

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ყალიბდება სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა, რაც განსაზღვრავს საპარლამენტო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის სრულად ახალ კონფიგურაციას. შესაბამისად, ამ პრინციპიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, „ევროპელი სოციალისტები“ საკუთარი პოლიტიკური და საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის მხარს უჭერენ მიმდინარე საპარლამენტო და საარჩევნო ცვლილებებს, რომელიც ეფუძნება ჩვენი ევროპელი მეგობრების, კერძოდ, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი“, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის, განცხადებით,  საარჩევნო კომისიებში წევრი მათ ეკუთვნით და არა “ევროპელ სოციალისტებს” — პარტიას, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა შექმნეს. ამის შესახებ ინაშვილმა დღეს, 19 მაისს, განაცხადა.

მისი თქმით, “ევროპელი სოციალისტების” წევრი ფრიდონ ინჯია ცდილობს, რომ საარჩევნო კომისიებში “პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი მიისაკუთროს.

ინაშვილისვე თქმით, ფრიდონ ინჯია ითხოვს იმას, რაც მას არ ეკუთვნის და ამისთვის “პატრიოტთა ალიანსისთვის” ცდილობს ადგილის წართმევას.

საარჩევნო კომისიაში “პატრიოტთა ალიანსის” ნაცვლად  “ევროპელი სოციალისტებისთვის” წევრის ყოლაზე  საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფში მსჯელობენ, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაციაში რომ  წარმომადგენელი სურთ, ადასტურებენ “ევროპელი სოციალისტებიც”, თუმცა- არა “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლობის ხარჯზე. როგორც პარტიის წევრი ფრიდონ ინჯია ამბობს, იმისათვის, რომ წარმომადგენელი “ევროპელ სოციალისტებსაც” ჰყავდეს და “პატრიოტთა ალიანსსაც”, სამართლიანი იქნება, თუ კომისიაში წარმომადგენელთა რიცხვი გაიზრდება.

თუმცა, როგორც “ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი განმარტავს, საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობას, გარდა საპარლამენტო მანდატისა, პარტიის დაფინანსების მოცულობაც განსაზღვრავს. რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი იმ 9 პარტიას ეყოლება, რომელთაც ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ.

შევა თუ არა ცვლილებები პარტიათა დაფინანსების კანონში, ჯერ უცნობია. თუმცა, როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, არაორდინალური სიტუაცია აქვთ და “არაორდინალური სიტუაცია არაორდინალურ გადაწყვეტებს ითხოვს”.  მისი თქმით, იმას, რომ “პატრიოტთა ალიანსისგან” განსხვავებით “ევროპელი სოციალისტები” პარლამენტის წევრები არიან და შეთანხმების ხელმომწერებიც, “სხვა წონა აქვს”.

თავად ინაშვილი კი ამ ინიციატივას მმართველი გუნდის მიერ “პატრიოტთა ალიანსის” დასჯად აფასებს.

“რა თქმა უნდა, კობახიძის მიზანია, რომ “პატრიოტთა ალიანსი” სამაგალითოდ დასაჯოს. ის ამას აკეთებს მთელი ამ წლების განმავლობაში. მაგრამ ვინც ცდილობს, რომ უსამართლოდ დაგსაჯოთ თქვენ, ის თვითონ დაისჯება აუცილებლად”, — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი წევრი საარჩევნო კომისიაში — ინაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი