ახალი ამბები

ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი წევრი საარჩევნო კომისიაში — ინაშვილი

19 მაისი, 2021 • 1194
ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი წევრი საარჩევნო კომისიაში — ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის, განცხადებით,  საარჩევნო კომისიებში წევრი მათ ეკუთვნით და არა “ევროპელ სოციალისტებს” — პარტიას, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა შექმნეს. ამის შესახებ ინაშვილმა დღეს, 19 მაისს, განაცხადა.

მისი თქმით, “ევროპელი სოციალისტების” წევრი ფრიდონ ინჯია ცდილობს, რომ საარჩევნო კომისიებში “პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი მიისაკუთროს.

“ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა, გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ირაკლი კობახიძე აშკარად ცდილობს ფრიდონ ინჯიას გამოყენებას.

ჩემთვის ეს ძალზედ სამწუხაროა და, სიმართლე გითხრათ, იძულებული რომ არ ვიყო და ვალდებული, სულ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და არანაირი გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიდის საპარლამენტო ჯფუფის საქმიანობის ფორმატში, საპარლამენტო თათბირებსა და შეხვედრებზე. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ბატონი ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის” კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში”, — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილისვე თქმით, ინჯია ითხოვს იმას, რაც მას არ ეკუთვნის და ამისთვის “პატრიოტთა ალიანსისთვის” ცდილობს ადგილის წართმევას.

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა. საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის იმ პარტიას, რომელმაც მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა არჩევნებში და თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში გადალახა ბარიერი. ეს არის ჩაწერილი პრეზიდენტ მიშელის შეთანხმებაშიც და არავინ არ მოგატყუოთ, რომ იქ სხვა რამ წერია”, — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საარჩევნო კომისიაში “პატრიოტთა ალიანსის” ნაცვლად  “ევროპელი სოციალისტებისთვის” წევრის ყოლაზე  საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფში მსჯელობენ, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაციაში რომ  წარმომადგენელი სურთ, ადასტურებენ “ევროპელი სოციალისტებიც”, თუმცა- არა “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლობის ხარჯზე. როგორც პარტიის წევრი ფრიდონ ინჯია ამბობს, იმისათვის, რომ წარმომადგენელი “ევროპელ სოციალისტებსაც” ჰყავდეს და “პატრიოტთა ალიანსსაც”, სამართლიანი იქნება, თუ კომისიაში წარმომადგენელთა რიცხვი გაიზრდება.

თუმცა, როგორც “ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი განმარტავს, საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობას, გარდა საპარლამენტო მანდატისა, პარტიის დაფინანსების მოცულობაც განსაზღვრავს. რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი იმ 9 პარტიას ეყოლება, რომელთაც ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ.

შევა თუ არა ცვლილებები პარტიათა დაფინანსების კანონში, ჯერ უცნობია. თუმცა, როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, არაორდინალური სიტუაცია აქვთ და “არაორდინალური სიტუაცია არაორდინალურ გადაწყვეტებს ითხოვს”.  მისი თქმით, იმას, რომ “პატრიოტთა ალიანსისგან” განსხვავებით “ევროპელი სოციალისტები” პარლამენტის წევრები არიან და შეთანხმების ხელმოწმერებიც, “სხვა წონა აქვს”.

თავად ინაშვილი კი ამ ინიციატივას მმართველი გუნდის მიერ “პატრიოტთა ალიანსის” დასჯად აფასებს.

“რა თქმა უნდა, კობახიძის მიზანია, რომ “პატრიოტთა ალიანსი” სამაგალითოდ დასაჯოს. ის ამას აკეთებს მთელი ამ წლების განმავლობაში. მაგრამ ვინც ცდილობს, რომ უსამართლოდ დაგსაჯოთ თქვენ, ის თვითონ დაისჯება აუცილებლად”, — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი