ახალი ამბები

დვალი-აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ რ2-ის უძრავი ქონება დააყადაღა

18 მაისი, 2021 • 1691
დვალი-აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ რ2-ის უძრავი ქონება დააყადაღა

“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანიის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო.

ინფორმაციას ამის შესახებ დვალისა და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს. მისი თქმით, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას — მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. მისი თქმით, მხარეები მოძრავი ნივთების დაყადაღებასაც ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ შერჩევითად იმოქმედა და ქონების მხოლოდ ნაწილს დაადო ყადაღა:

“აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.
ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს”,—  ამბობ კახა კოჟორიძე.

სასარჩელო უზრუნველყოფის ფარგლებში ტელეკომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება დვალმა და აქიმიძემ მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია “პრაიმთაიმთან” ერთად ჰოლდინგში უნდა გაერთიანდეს. შესაბამისად, გაჩნდა რისკი, რომ “რუსთავი 2-ის” ქონება გასხვისდება. 60%-იანი წილი კი რომელზეც სასამართლოში დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დავობენ, შემცირდება.

ვრცლად წაიკითხეთ:

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი