ახალი ამბები

მარნეულში, გაგის ციხეზე ჯვარი დააზიანეს – რა ვიცით ამ ეტაპზე

14 მაისი, 2021 • 2127
მარნეულში, გაგის ციხეზე ჯვარი დააზიანეს – რა ვიცით ამ ეტაპზე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კუშჩის მახლობლად, გაგის ციხესიმაგრეზე დამონტაჟებული ჯვარი დააზიანეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ ვინ. პოლიციას გამოძიება აქვს დაწყებული.

ადგილობრივი ეპარქია ჯვრის დაზიანებას აფასებს „პროვოკაციად“, რისი მიზანიც რეგიონში „რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდებაა“.

რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია რელიგიურ ლიდერებს მოუწოდებს, თავიდან აირიდიონ „ამ პროცესებით სპეკულირება“.

რა მოხდა?

13 მაისს მართლმადიდებელი ეკლესიის მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაგის ციხე-კოშკზე აღმართული ჯვარი დააზიანეს.

გაგის ციხე, სავარაუდოდ, X საუკუნის ძეგლია, რამდენიმე მეტრის სიმაღლის ლითონის ჯვარი კი რამდენიმე თვის წინ, 2021 წლის დასაწყისში დაამონტაჟეს ამ ადგილას.

ეპარქიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ჯვარი მოღუნულია და ძირში, სავარაუდოდ, ზემოქმედების კვალი ეტყობა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ ჯვრის ასე დაზიანება შიშველი ხელებით შეუძლებელი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის მიერაც კი:

„[ჯვრის] ამოგდება ძირფესვიანად სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს და რაღაცნაირად მოახერხეს რაღაც ტექნიკის თუ რაღაცის გამოყენებით“, – განაცხადა მან 14 მაისს ტვ პირველის ეთერში საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.

წინა შემთხვევა

ეს ამ ადგილთან დაკავშირებული პირველი შემთხვევა არ არის. 2021 წლის იანვრის ბოლოს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ განაცხადა, რომ გაგის ციხე-კოშკზე ექვსი წლის წინ აღმართული ჯვარი და დროშა მოიპარეს.

სწორედ ამის შემდეგ აღმართეს ციხე-კოშკზე ის ჯვარი, რომელიც ახლა დააზიანეს.

ახალი ჯვრის აღმართვა გაგის ციხეზე. 2021 წლის იანვარი. ფოტო: რადიო მარნეულის ვიდეოდან

13 მაისს ეპარქიამ ჯვრის დაზიანების ახალი ფაქტი „ანტიქრისტიანულ, ვანდალურ ფაქტად“ შეაფასა და განაცხადა:

„როგორც ჩანს, მავანთ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით განზრახული აქვთ რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდება, რაც სცდება ყოველგვარ ზღვარს და არის ჩვენი სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული“.

რას ამბობენ ადგილობრივები?

„მთავარ არხთან“ საუბარში სოფელი კუშჩის ერთ-ერთი მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი შუახნის კაცი ამბობს: „ვფიქრობ, გარკვეული ძალებს არ სურთ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მეგობრობა“.

„არცერთი აზერბაიჯანელი აღმართულ ჯვარს არ შეეხება და ამას წლები ადასტურებს. ამ დიდი ხნის განმავლობაში ჯვარი იყო, თუმცა ხელი არავის უხლია. ბოლო თვეების განმავლობაში კი ფაქტი განმეორდა. ვფიქრობ, ამის უკან ვიღაც დგას. ციხეში აღმართული ჩვენი დროშაა, ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკაა“, – განაცხადა მან.

კიდევ ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი კი ამბობს: „ჩვენი სოფლიდან ჯვარს არავინ შეხებია“.

ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმაც განაცხადა, რომ ადგილობრივების ეს ნათქვამი მისთვის „დასაკმაყოფილებელია“:

„არა მგონია არცერთი მორწმუნე მუსლიმი ამის ჩამდენი“…

„ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრების არცერთი ფაქტი არ მახსენდება რელიგიური ნიშნით დაპირისპირების. და ალბათ ესა აქვს მიზნად დასახული. შესაძლოა მესამე ძალის მიერ არის მართული , რომ ეს მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობები, რაც გაგვაჩნია [ის დააზიანოს]. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის“, – განაცხადა მან.

„დროული გამოძიება სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად“

ამ ამბავს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) და ხაზი გაუსვა გარემობას, რომ:

„ჯვარი დამზადებულია ლითონისგან, არის მოცულობითი, მისი აღმართვის დროს გავრცელებული ფოტოების მიხედვით საკმაოდ მძიმეა და მაღალი ალბათობით შეუძლებელია ხელით, სპეციალური მოწყობილობის გარეშე მისი დაზიანება“.

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციის თანახმად, ჩნდება ეჭვი, რომ მომხდარი ფაქტი არ არის შემთხვევითი და „არის წინასწარ დაგეგმილი, განზრახი მოქმედება“.

ამასთან, ორგანიზაციის თანახმად, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, შსს-მ უზრუნველყოს გამოძიების დროული ჩატარება და ქმედებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების იდენტიფიცირება.

EMC ასევე იხსენებს ჯვრისა და დროშის მოპარვის რამდენიმე თვის წინანდელ ამბავს და აცხადებს, რომ „ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინაც დაიწყო, თუმცა მას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია“.

„აღნიშნული ინციდენტის დროული გამოძიება არსებითად მნიშვნელოვანია ამ საკითხით რელიგიური და პოლიტიკური სპეკულირების თავიდან აცილების მიზნით“, – წერს ორგანიზაცია და დასძენს, რომ:

„ცალკეული ულტრაკონსერვატიული, შოვინისტური, კლერიკალური და სამოქალაქო ჯგუფები ბოლო წლებში ცდილობენ მარნეულში სოციალური მშვიდობის დარღვევას და რელიგიური და ეთნიკური საკითხების ინსტრუმენტალიზებას“.

„გამოიძიეთ ფაქტები, დაამონტაჟეთ კამერები“

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შსს-ს მოუწოდებს, ეს ამბავი დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები გამოავლინოს;

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს მარნეულის მერიას, პროვოკაციული მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით გაგის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დაამონტაჟოს;

„ადგილობრივმა რელიგიურმა ლიდერებმა, ამ პროცესებით სპეკულირების თავიდან აცილების მიზნით, მიიღონ პოზიტიური ზომები თემთა შორის ინტერრელიგიური დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის გაძლიერებისთვის“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი