ახალი ამბები

“არავითარი ნიშანი არ ყოფილა, რომ ვიღაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა” – კარტოგრაფების საქმის მოწმე

14 მაისი, 2021 • 837
“არავითარი ნიშანი არ ყოფილა, რომ ვიღაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა” – კარტოგრაფების საქმის მოწმე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველი აზერბაიჯანში, გელა დუმბაძე, რომელიც 2002-2005 წლებში საზღვრის დელიმიტაციის კომისიის რამდენიმე სხდომას დაესწრო.

როგორც დუმბაძემ “ფორმულას” განუცხადა, კითხვები ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა. ჟურნალისტკის კითხვის საპასუხოდ კი, იღებდა თუ არა ივერი მელაშვილი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იმ სხდომებზე, რომელსაც მოწმე ესწრებოდა, დუმბაძე აცხადებს, რომ ამის არავითარი ნიშანი არ ყოფილა:

“დაკითხვა მოხდა იმ კონტექსტში, რომ 2002-2005 წლებში გახლდით საქართველოს საელჩოს მრჩეველი აზერბაიჯანში და ვესწრებოდი საზღვრის დელიმიტაციის ორ-სამ სხდომას. ტექნიკური საკითხები, როგორ მიმდინარეობდა. მე მივეცი ჩვენება, როგორც მრჩეველმა, რომელიც ესწრებოდა რამდენიმე სხდომას.

შემფასებელი ვერ ვიქნები იმიტომ, რომ ჩემი გამოკითხვა მოხდა კონკრეტულ მომენტში, 2002-დან 2005-წლამდე, სადაც არც ტელევიზიით და არც სხვადსხვა საინფორმაციო საშუალებებით ამ პერიოდზე შეკითხვები არ ყოფილა. მე არ ვიყავი კომისიის წევრი, საელჩოს წარმომადგენელი ვიყავი. დინამიურად გრძელდებოდა პროცესი, ივერი მელაშვილი იყო ექსპერტი, რომელიც წარმოადგენდა პოზიციებს.

არავითარი ნიშანი, როდესაც მე ვესწრებოდი, ერთი ხინჯიც არ არსებობს, რომ ვიღაც რაღაცას იღებდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ”, – ამბობს გელა დუმბაძე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროს ივერი მელაშვილს და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორ ნატალია ილიჩოვას ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი