ახალი ამბებიეკონომიკატექნოლოგიები

რა ბედი ეწია დაპირებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს

26 ნოემბერი, 2018 • 21761
რა ბედი ეწია დაპირებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს

2015 წელს დაფუძნებულ “ოუფენ ნეტს”, რომელსაც რეგიონებში ქართუ ფონდის დაფინანსებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემა უნდა გაეყვანა, ამ დრომდე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ დაუწყია. 

საყოველთაო ინტერნეტიზაციის იდეა და დაპირება

რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე პირველად განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის ნოემბერში “პირველი არხის” ეთერით გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ამ საკითხზე “საზოგადოება 2030” მუშაობდა. მოგვიანებით საქმეში სახელმწიფო კერძოდ ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო, რომელმაც ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დაარსა.  საბოლოოდ, პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ფონდი ”ქართუ” გახდა. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2015 წელს განაცხადა, რომ ივანიშვილის გარეშე ინტერნეტიზაციის პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ინტერნეტიზაციის პროექტზე “ქართული ოცნების” 2016 წლის საარჩევნო პროგრამაშიც იყო საუბარი, სადაც წერია: “აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა”.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა ბედი ეწია ამ პროექტს და როგორ მიმდინარეობს სამუშაოები?

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მოდელის შერჩევაზე მიმდინარეობს მუშაობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ჯერ არ დაწყებულა.

არსებულ ეტაპზე მიმდინარეობს  მუშაობა ოპტიმალური მოდელის შერჩევაზე, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს რეგიონებში ჩვენი მოსახლეობისთვის სწრაფ ინტერნეტ კავშირს, მეორე მხრივ კი ქსელზე ღია დაშვების წერტილების არსებობით, შეიქმნება სერვისის მიწოდების არადისკრიმინაციული და კონკურენტული ბიზნეს გარემო. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, პროექტი გადავა ინფრასტრუქტურულ ნაწილზე,”-აცხადებენ სამინისტროში”.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხდა  ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება ამ დრომდე, “ოუფენ ნეტის” პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქსელის მშენებლობის დაწყება მარტივი პროცესი არ არის და აქ ჩართულია სახელმწიფო, კერძო სექტორი.

შესაბამისად, უნდა იყოს საკითხებზე ისეთი თანხვედრა, რომ არ დაირღვეს კერძო სექტორის უფლებები. ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა,” – აცხადებენ “ოუფენ ნეტში”.

ეკონომიკის სამინსიტროსგან ფინანსურ საკითხებზე თუ რა თანხაა ამ დრომდე ამ პროექტზე დახარჯული, ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

როგორი იყო გეგმა?

თავდაპირველი გეგმით “ოუფენ ნეტს” საკაბელო სისტემა უნდა მიეყვანა იმ ადგილებამდე (საქართველოს სხვადახვა რეგიონში),  სადაც ინტერნეტპროვაიდერს შესვლა ძვირი უჯდება ან დაბალი მოთხოვნის გამო არ თვლის მომგებიანად ტერიტორიის ათვისებას. სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, აშენებულ მაგისტრალის გაქირავება კერძო პროვაიდერზე უნდა მომხდარიყო. “ოუფენ ნეტის” ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი ქსელის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებზე მიქირავება ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით მოხდებოდა. რაც შეეხება ინტერნეტის საფასურს, ამ საკითხში “ოფენ ნეტი” არ ერევა და სამომხმარებლო ტარიფს პროვაიდერები განსაზღვრავენ.

ნეტგაზეთს “ოუფენ ნეტის” პრესსამსახურში უთხრეს, რომ ახლანდელი პროგრამით, უკვე გაყვანილ მაგისტრალს პროვაიდერისგან ისინი არ იქირავებენ და მხოლოდ იმ ნაწილზე აშენდება  ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, სადაც დღეს ქსელი არ არის.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უნდა ჰქონოდა. მეტიც 2015 წელსვე ცნობილი გახდა იმ 400-ზე მეტი სოფლის დასახელება, სადაც საწყის ეტაპზე ოპტიკური ქსელის მშენებლობა უნდა მომხდარიყო. პროექტით, დასრულების შემდეგ, რასაც სახელმწიფო 2020 წლისთვის ვარაუდობდა, მაღალხარისხიანი ინტერნეტი 2000 დასახლებამდე უნდა მისულიყო.

მთავრობის მიერ 2015 წელს გავრცელებული სარეკლამო მასალა

2016 წელს “ოუფენ ნეტის” ხელმძღვანელი ნინო ქუბინიძე აცხადებდა, რომ ოპტიკური კაბელების გაყვანის პროცესი 2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდებოდა. თავად “ოუფენ ნეტში” აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის მშნებლობის დასრულებისთვის კონკრეტული ვადა არ ჰქონიათ და 2017 წელი სავარაუდო პერიოდად იყო დასახელებული.

მცირე ოპერატორები და კონკურენცია

საქართვლოს სატელეკომუნოკაციო ოპერატორების ასოციაციის გამგეობის თამჯდომარე უჩა სეთური ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც “ოუფენ ნეტს” უნდა განეხორციელებინა, რაც ოპტიკური ქსელის ინფრასტრუქტურის მშენებლობას გულისხმობდა, მცირე ოპერატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეტიც, სეთური განმარტავს, რომ ამით ბაზარზე კონკურენციის საკითხი რეგულირდებოდა.

თავდაპირველად, საუბარი იყო იმაზე, რომ ოპტიკური ქსელი გაეყვანათ იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც 200 და მეტი მოსახლე ცხოვრობს. ასევე უნდა მომხდარიყო გარკვეული ზონების შეერთება ძირითად ქსელთან. ამ ადგილებში მსხვილი ბიზნესი შესვლას არ აპირებდა, რადგან ეს მათთვის კომერციულად მომგებიანი არ იყო. პირველადი მოდელით, რომელიც აბსოლუტურად მისაღები იყო და სრულად შეესაბამებოდა ევროკავშირის რეკომენდაციებს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების თვალსაზრისით, “ოუფენ ნეტს” უნდა გაეკეთებინა ერთიანი ქსელი და დაეწესებინა ერთიანი ტარიფი საქართველოს ყველა ოპერატორისთვის. ამასთან, სადაც საჭირო იყო “ოუფენ ნეტი” თავად ააშენებდა ქსელს, თვითონ იქირავებდა დიდი მონოპოლისტებისგან საერთო ქსელის შესაქმნელად საჭირო სიმძლავრეებს… რაც შეეხება შეცვლილ მოდელს, ჩვენი ინფორმაციით, გაუქმდა ერთიანი ქსელის აშენებისა და მასთან ყველა ოპერატორის დაშვების იდეა. დარჩა მხოლოდ ქსელის აშენების სეგმენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ სადაც ოპტიკა არ არის, იქ უნდა გაკეთდეს ქსელი, თუმცა როგორ უნდა მივიდეს იმ ოპტიკამდე მონოპოლისტის ქსელის გავლით პატარა ოპერატორი, ეს საკითხი ღიად რჩება,”-აცხადებს უჩა სეთური.

მაგალითად, თუ თბილისიდან წყალტუბომდე მაგისტრალი რომელიმე დიდი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის ხელშია, ახალი მოდელით სახელმწიფო პროგრამა ინფრასტრუქტურას ქმნის წყალტუბოდან ლეჩხუმამდე. პატარა კომპანიას კი ლეჩხუმში ინტერნეტის მიწოდებისთვის, დიდი კომპანიის მაგისტრალის გავლა უწევს. უჩა სეთურის თქმით, დიდი პროვაიდერი მცირე ზომის სატელეკომუნიკაციო ოპერატორს მის ქსელს ან ძვირად ან საერთოდ არ აძლევს, შესაბამისად, “ოუფენ ნეტის” მიერ მხოლოდ წყალტუბოდან ლეჩხუმამდე გაყვანილი ინფრასტრუქტურა ნაკლებად ეფექტურია ბაზრის მცირე მოთამაშეებისთვის.

ნეტგაზეთს სურდა ნინო ქუბინიძესთან დაკავშირება, რათა გაგვერკვია კონკრეტულად რა მოდელზე მუშაობს “ოფენ ნეტი”, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი