ახალი ამბები

ისრაელში ებრაელები და არაბები სიძულვილსა და ძალადობას აპროტესტებენ

14 მაისი, 2021 • 1863
ისრაელში ებრაელები და არაბები სიძულვილსა და ძალადობას აპროტესტებენ

ისრაელსა და ღაზის სექტორში ბოლოდროინდელი დაპირისპირების პარალელურად, ისრაელის ქალაქებში დემონსტრაციები იმართება, სადაც აპროტესტებენ სიძულვილს, ძალადობასა და ჩაგვრას. ამ გზავნილებით მიმდინარე ღონისძიებებს უერთდებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები.

კონფლიქტის ახალი ტალღა ისრაელსა და ღაზას შორის 10 მაისს დაიწყო და უკვე შეიწირა 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, ისრაელის არაერთ ქალაქში ებრაელები და არაბები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან და  ერთმანეთის საკუთრებას ანადგურებენ. დაკავებულია არეულობების 400-მდე მონაწილე.

"აქცია თელ-ავივში ომის, ალყის, ოკუპაციისა და ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, ორივე ხალხის მშვიდობის სასარგებლოდ" — წერს ფოტოს ავტორი ჰაგაი მატარი

ყოველივე ამის გასაპროტესტებლად ბოლო დღეებში ქვეყნის რიგი ქალაქების, მათ შორის, თელ-ავივისა და იერუსალიმის ქუჩებში, არაერთი ებრაელი და არაბი მოქალაქე გამოვიდა. პროტესტში კონფლიქტის პირველივე დღეებიდან ჩაება საზოგადოებრივი მოძრაობა “ვდგავართ ერთად”. მისი ორგანიზებით არაერთი დემონსტრაცია გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

“ათასობით არაბი და ებრაელი დადგა ერთად ათეულობით ადგილას, ქვეყნის სხვადასხვა მხარეში. ვდგავართ ერთად თავისუფლებისა და რეალური თანასწორობისთვის. ვდგავართ ერთად მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ორი ხალხისთვის. ვდგავართ ცხოვრებისთვის, რომელიც უნდა იყოს უკეთესი და მეტად დაცული”, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის "ვდგავართ ერთად" აქციის მონაწილეს უჭირავს პლაკატი წარწერით: არაბები და ებრაელები უარს ამბობენ ერთმანეთის მტრობაზე"

ის ასევე აკრიტიკებს ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას და დასძენს, რომ ხალხზე ზრუნვის ნაცვლად ხელისუფლება უფსკრულისკენ მიაქანებს ქვეყანას. ორგანიზაციის თქმით, გამოსავალი არაბებისა და ებრაელების ერთად დგომაა.

პროტესტში კონფლიქტის პირველივე დღეებიდან ჩაება მემარცხენე პოლიტიკური პარტია “დემოკრატიული ფრონტი მშვიდობისა და თანასწორობისთვის”, რომელიც პოლიტიკურ ალიანსში იმყოფება ისრაელში მოქმედ რამდენიმე არაბულ პარტიასთან. ის ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას იერუსალიმში ბოლო კვირების მანძილზე წარმოშობილ მღელვარებაზე, რაც ისრაელსა და ღაზას შორის კონფლიქტს უძღოდა წინ.

“ახლა, როგორც არასდროს, ერთადერთი გზა, რათა გავუმკლავდეთ ცეცხლს, რომელიც შთანთქმით გვემუქრება, არის სოლიდარობა, ერთად დგომა და ებრაულ-არაბული ბრძოლა რასიზმის, სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ”, — ამბობს პარტია.

ორგანიზაციის "ვდგავართ ერთად" დემონსტრაციის მონაწილეები. 13.05.21

გარდა ამისა, ისრაელმა ბოლო დღეებში იხილა არაერთი სამოქალაქო ინიციატივა სიძულვილის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ ისრაელის ერთ-ერთი საავადმყოფოს ებრაელი და არაბი თანამშრომლები შენობის შესასვლელთან შეიკრიბნენ სიმღერით “მშვიდობა მოვა”, ებრაულ და არაბულ ენებზე. სამედიცინო მუშაკებს ხელში ეჭირათ პლაკატები,  ძალადობის საწინააღმდეგო წარწერებით.

არაბმა და ებრაელმა ექიმებმა ძალადობა გააპროტესტეს ქალაქ ჰაიფას ერთ-ერთ საავადმყოფოშიც.

“თანაარსებობამ, რომელიც ჩვენს საავადმყოფოშია, გაუძლო მრავალ კრიზისს და იქცა ხიდად, რომელიც ხალხსა და გულებს აერთიანებს”, — აღნიშნავენ მედიკოსები.

ექიმებს უჭირავთ პლარაკეტები წარწერით "მშვიდობა", ებრაულად და არაბულად.

ორგანიზაციამ  “Tag Meir”, რომელიც სიძულვილის წინააღმდეგ კამპანიებს ატარებს, ისრაელის სხვადასხვა ქალაქში ყვავილები დაარიგა.

“გავედით ქუჩებში ერთმანეთის გასაძლიერებლად, იმისათვის, რათა გვახსოვდეს, რომ ძმები ვართ, და დასარწმუნებლად იმაში, რომ ერთად ცხოვრებას განვაგრძობთ”, — დასძენს ორგანიზაცია.


ამასთან, 13 მაისს იერუსალიმში, რამდენიმე ადგილას, აქციები გამართა ორგანიზაციამ “ხელი ხელს”, რომელიც ებრაულ-არაბულ სკოლებს ფლობს. რამდენიმე საათით ადრე ისრაელის ქნესეთის(პარლამენტის) წინ ასობით სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა გამართა აქცია ძალადობის წინააღმდეგ.

ვრცლად:

100-ზე მეტი დაღუპული: ღაზაზე შეტევა გააქტიურდა, კონფლიქტი გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი