ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი საქართველოში მცირე ბიზნესის დასახმარებლად 85 მლნ ევროს გამოყოფს

12 მაისი, 2021 • 1345
მსოფლიო ბანკი საქართველოში მცირე ბიზნესის დასახმარებლად 85 მლნ ევროს გამოყოფს

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოში არსებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19 -ის პანდემიამ, 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებენ. ბანკის ცნობითვე, საწარმოების  დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

„აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას”, — აცხადებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.

მსოფლიო ბანკის თანახმად, პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6 ათას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის. ასევე, აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში. ბანკის ცნობითვე, ბიზნესის დახმარება მოხდება ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში:

“პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“  სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება გამოიხატება „აწარმოე საქართველოშის“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით.

მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოშის” დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის”, — წერია განცხადებაში.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოყოფილი 85 მლნ ევრო სესხია, რომელიც სახელმწიფომ მცირე ბიზნესის დაფინანსების მიზნით აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი