ახალი ამბები

Novavax-ს ვაქცინის წარმოებაში შეფერხება აქვს — ქვეყნების მომარაგება დაგვიანდება

12 მაისი, 2021 • 1329
Novavax-ს ვაქცინის წარმოებაში შეფერხება აქვს — ქვეყნების მომარაგება დაგვიანდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Novavax აცხადებს, რომ მათი პრეპარატი აშშ-სა და ბრიტანეთში ავტორიზაციას ივლისის ბოლომდე ვერ მიიღებს, წარმოების პიკს კი წლის ბოლომდე ვერ მიაღწევს.

როგორც New York Times წერს, 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, კომპანიას ბაზარზე არცერთი ვაქცინა არ გამოუტანია. Novavax-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, სტენლი ერიკის თქმით, შეფერხებას იწვევს რეგულირებასთან და წარმოებასთან დაკავშირებული სირთულეები.

შეფერხების გამოცხადების შემდეგ კომპანიის აქციები 17%-ით დაეცა, თუმცა დღის განმავლობაში საწყისი პოზიცია დაიბრუნა.

გამოცემა წერს, რომ შეფერხება არ აისახება მდიდარ ქვეყნებზე, როგორიცაა აშშ,  ვინაიდან მათ სხვა, Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson ვაქცინების მარაგებიც აქვთ. დანარჩენ მსოფლიოზე კი ამას სერიოზული გავლენა ექნება.

იანვარში კომპანია აცხადებდა, რომ წარმოების მაქსიმუმს — 150 მილიონ დოზას თვეში — 2021 წლის შუაში მიაღწევდა, თუმცა საჭირო მასალების ნაკლებობამ ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი გახადა.

ვაქცინის წარმოებაში Novavax-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი არის ინდოეთის სერუმის ისნტიტუტი, რომელიც საკუთარი წარმოებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას.

New York Times წერს, რომ წლის დასაწყისში საწარმოში გაჩნილმა ხანძარმა წარმოების მასშტაბი მნიშვნელოვნად შეამცირა თუმცა, მიუხედავად Novavax-თან გაფორმებული შეთანხმებისა, ინდოეთის მთავრობას ვაქცინების ექსპორტზე აკრძალვა აქვს დაწესებული, რადგანაც ვირუსის მეორე ტალღას ებრძვიან.

დიდი ალბათობით, Novavax-ის წამროების შეფერხებას გავლენა ექნება საქართველოზეც. მარტის დასაწყისში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველო ამერიკულ კომპანიასთან ვაქცინის 1 მილიონი დოზის მისაღებად ხელშეკრულებას აფორმებდა, რომელსაც ავტორიზაციიდან მალევე მიიღებდა.

ფორმდება საბუთები “ნოვავაქსის” მილიონი დოზის მოსაპოვებლად — გამყრელიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი