ახალი ამბები

დაღუპულია, სულ მცირე, 40 ადამიანი — ისრაელი-ღაზის დაპირისპირება

12 მაისი, 2021 • 3006
დაღუპულია, სულ მცირე, 40 ადამიანი — ისრაელი-ღაზის დაპირისპირება

ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირებას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს, ისრაელი კი მასობრივ საჰაერო იერიშებს განაგრძობს. ამასთან, ღამით არეულობა იყო ისრაელის რიგ ქალაქებში, ადგილობრივი არაბი მოსახლეობის დემონსტრაციების ფონზე.

მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

12 მაისის დილის მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 40 ადამიანია დაღუპული: 35- ღაზაში,  5 კი — ისრაელში. BBC-ის ცნობით, სამშაბათის საღამოდან ამ დრომდე ღაზაში მოქმედმა შეიარაღებულებმა 1 000 რაკეტა ისროლეს ცენტრალური და სამხრეთ ისრაელის მიმართულებით.

მხარეებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა 11 მაისს, ღამის საათებში, როდესაც ღაზის სექტორიდან იერიში მიიტანეს თელ-ავივსა და მის შემოგარენზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბა. დაბომბვამდე  შიგნით მყოფები გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ნაგებობა.

თელ-ავივის მახლობლად მდებარე ქალაქი ჰოლონი დაბომბვის შემდეგ. ფოტო: EPA

ისრაელი ამბობს, რომ ღაზის ტერიტორიაზე “ჰამასისა” და სხვა დაჯგუფებების პოზიციებს უტევს და ცდილობს, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დააზარალოს. მისივე განცხადებით, ხსენებულ კორპუსში “ჰამასის” ოფისები იყო განთავსებული. თავის მხრივ, პალესტინელი შეიარაღებულები ამბობენ, რომ ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლებს ბომბავს და თელ-ავივზე შეტევაც ამის პასუხი იყო.

თელ-ავივის გარდა, იერიში მიიტანეს აშკელონზე, ბეერ-შევაზე, ლოდსა და სხვა ქალაქებზე.

ღაზის ოფიციალური პირების ცნობით, 10 მაისიდან დღემდე 35 დაღუპულს შორის 10 ბავშვია. ისრაელში დაღუპული ხუთი ადამიანიდან ორი 11 მაისს, ქალაქ აშკელონის დაბომბვას ემსხვერპლა, 3 კი — თელ-ავივის შემოგარენისა და ქალაქ ლოდის დაბომბვას. ისრაელის მედიის ცნობით, მათ შორის არიან ქალები და ბავშვი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, პალესტინელ შეიარაღებულებს ეს თავდასხმები “ძვირად დაუჯდებათ”. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ასობით ობიექტი დაბომბეს და კვლავ განაგრძობენ ტერიტორიაზე იერიშებს.

“მხოლოდ დასაწყისი”

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ამბობს, რომ საჰაერო დარტყმები “მხოლოდ დასაწყისია” და “ტერორისტული ორგანიზაციები კვლავ აღმოჩნდებიან დარტყმის ქვეშ, ვინაიდან მათ ისრაელს დაარტყეს”.

“ჩვენ დავუბრუნდებით მშვიდობას, გრძელვადიანი პერსპექტივით”, — ციტირებს განცს BBC.

ისრაელი განაგრძობს საჰაერო შეტევებს ღაზაზე. 12.05.21 ფოტო: EPA

თავის მხრივ, “ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანია დასძენს:

“თუ ისრაელს სურს ესკალაცია, ჩვენ მზად ვართ და თუ მას სურს, რომ შეჩერდეს, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად”.

ჰანიას სიტყვებით, მათ “გაიმარჯვეს” “იერუსალიმისთვის ბრძოლაში” და შეიქმნა “ძალთა ახალი ბალანსი”.

მასობრივი არეულობები ისრაელის ქალაქებში

ხსენებული პროცესების პარალელურად, ისრაელში მცხოვრები არაბები ქვეყნის რიგ ქალაქებში საპროტესტო აქციებს მართავენ. არაერთ შემთხვევაში დემონსტრაციები მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. AP-ის თანახმად, ბოლო წლების მანძილზე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი პალესტინელთა მხრიდან ისრაელში.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ებრაელებითა და არაბებით დასახლებულ ქალაქ ლოდში, სადაც 11 მაისის ღამით, ქალაქის მერის თხოვნის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლოდში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 მაისს არაბი კაცის პანაშვიდზე დამსწრეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. CNN-ის ცნობით, კაცი წინა დღით ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ებრაელმა მოქალაქემ, რომელიც ამბობს, რომ თავს იცავდა მისი მისამართით ქვების სროლის დროს. პოლიციამ ადგილობრივი არაბების მოქმედებებს ცრემლსადენი გაზითა და ხმოვანი ყუმბარებით უპასუხა.


ლოდში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ღამის საათებში, როცა, მედიის ცნობით, შეტაკების მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ათეულობით მანქანას, სინაგოგებსა და ბიზნესდაწესებულებებს. ქალაქის მერმა არსებული ვითარება “სამოქალაქო ომს” შეადარა და ხელისუფლებისგან დახმარება ითხოვა. ისრაელის მედიის ცნობით, შეტაკებებისას, ჯამში, 12 ადამიანი დაშავდა.

დაძაბული ვითარება იყო ახლომდებარე ქალაქ რამლაშიც, სადაც, Associated Press-ის მიხედვით, ულტრანაციონალისტი ებრაელები არაბების კუთვნილ მანქანებს ესხმოდნენ თავს.

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ აკრაში პროტესტის მონაწილეებმა ებრაელების კუთვნილი რესტორანი და სასტუმრო დაწვეს.

ისრაელის მედია ასევე იუწყება 20-მდე ადამიანის დაკავების შესახებ ქალაქ ჰაიფაში, სადაც ახალგაზრდა დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებს წაუკიდეს ცეცხლი, პოლიციის მანქანებს კი ქვები დაუშინეს. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მათ წინააღმდეგ.

ისრაელის პოლიციის ცნობით, სხვადასხვა ადგილას, ჯამში, ძალადობრივი პროცესების მონაწილე 150 დემონსტრანტი დააკავეს.

რა ხდებოდა ცეცხლის გახსნამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ბოლო კვირების მანძილზე ვითარება იერუსალიმში განსაკუთრებით დაძაბულია. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ გადადო ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

დაძაბულობის წინაპირობებზე ვრცლად:

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი