ახალი ამბები

ისრაელზე თავდასხმები “ჰამასსა” და “ისლამურ ჯიჰადს ” ძვირი დაუჯდებათ – ნეთანიაჰუ

12 მაისი, 2021 • 1481
ისრაელზე თავდასხმები “ჰამასსა” და “ისლამურ ჯიჰადს ” ძვირი დაუჯდებათ – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ “ჰამასსა” და “პალესტინურ ისლამურ ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას” ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელზე თავდასხმები “ძვირად დაუჯდებათ”.

მისი თქმით, “მათი სისხლი მათსავე ხელებზეა”.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ასობით ობიექტი დაბომბეს და კვლავ განაგრძობენ ტერიტორიაზე იერიშებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა მითითება, რომელიც ხელისუფლებამ გასცა.


ღაზის სექტორში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ადგილობრივი და საერთაშორისო მედია 50 წლის ქალის დაღუპვის შესახებ იუწყება. ქალაქში ჩაირთო სირენები და ამოქმედდა ანტისარაკეტო სისტემა, აეროპორტი კი  დაიხურა.

პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების, “ჰამასის” ცნობით, თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვეს ისრაელის ავიაგამანადგურებლების მიერ ღაზის სექტორში საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის საპასუხოდ. მანამდე “ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელი ღაზაში საცხოვრებელ სახლებს ბომბავს და თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, სწორედ თელ-ავივზე მიიტანდა იერიშს.

მედიის ინფორმაციით, თელ-ავივის გარდა სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებზეც.

ისრაელმა ღაზის სექტორში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 11 მაისის საღამოს დაბომბა, მანამდე კი შიგნით მყოფი მოქალაქეები გააფრთხილა, დაეტოვებინათ შენობა. ისრაელის მტკიცებით, შენობაში, რომელიც მთლიანად დაინგრა, ჰამასის მაღალჩინოსნების ოფისები იყო განთავსებული.

პარალალურად, ისრაელის არმია ამბობს, რომ რომ ყველაფერს აკეთებს, რათა შეიარაღებული დაჯგუფებების პოზიციების დაბომბვისას მშვიდობიანი მოსახლეობა არ დააზარალოს, თუმცა, მისივე განცხადებით, “ჰამასისა” და სხვა დაჯგუფებების პოზიციები მშვიდობიან მოსახლეობას შორის განგებ არის განლაგებული.

ღაზის სექტორიდან თელ-ავივი დაიბომბა

მასალების გადაბეჭდვის წესი