ახალი ამბები

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები

11 მაისი, 2021 • 1795
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საცხოვრებელი ადგილები არ დატოვონ.

როგორც საელჩო აცხადებს, ვითარება სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადია.

“განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!
დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები”, — წერს საელჩო.

შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:
0526919092 დავით ჩაჩავა
0528888513 მიხეილ ბაბლუანი
0548620270 ნინო ჩანტლაძე
ხაზის დაზიანების შემთხვევაში, საელჩო მოქალაქეებს სთხოვს გამოიყენონ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები, ასევე მიწერონ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.

ღაზის სექტორში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ქალაქში ჩაირთო სირენები და ამოქმედდა ანტისარაკეტო სისტემა.

პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების, “ჰამასის” ცნობით, თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვეს ისრაელის ავიაგამანადგურებლების მიერ ღაზის სექტორში საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის საპასუხოდ. მანამდე “ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელი ღაზაში საცხოვრებელ სახლებს ბომბავს და თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, სწორედ თელ-ავივზე მიიტანდა იერიშს.

მედიის ინფორმაციით, თელ-ავივის გარდა სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებზეც.

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი