ახალი ამბები

მემორანდუმი 2 პირს ეხებოდა, სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები შეიძლება გაგრძელდეს – კობახიძე

11 მაისი, 2021 • 1254
მემორანდუმი 2 პირს ეხებოდა, სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები შეიძლება გაგრძელდეს – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი მხოლოდ ორ პირს ეხებოდა, სხვა “პოლიტრკიმინალებს” კი მემორანდუმი არ ეხებათ და მათ მიმართ აღძრული საქმეები გაგრძელდება.

“თუ ვინმეს აქვს წარსულში ჩადენილი დანაშაული, ბუნებრივია, ვერავითარი მემორანდუმი ვერავის გაათავისუფლებს. ეს არის მარტივი პრინციპი. საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც პირდაპირ ცალსახად ეწერა. რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხებათ. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ საქმეები შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი”, — განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 11 მაისს,  “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 13 მაისს მის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. საუბარია 2019 წელს აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რომელზეც უგულავას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.  უგულავას ედავებიან ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას.

თუმცა მოგვიანებით უგულავამ განაცხადა, რომ მისი სასამართლო პროცესი პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადიადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი