ახალი ამბები

საქმეზე, რომელზეც უგულავას ბრალი წარედგინა, გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს

11 დეკემბერი, 2019 • 1248
საქმეზე, რომელზეც უგულავას ბრალი წარედგინა, გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს

აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, რომელზეც უგულავას ბრალი წარედგინა, გოკა გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა დღეს დილით განაცხადეს, რომ უცნობი პირები მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

აღნიშნულ საქმეზე გიგი უგულავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წაუყენეს, რაც ცემას გულისხმობს. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე მეორე მხრიდან ამავე მუხლით კიდევ ერთ პირს აქვს ბრალი წარდგენილი.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი ეხება ძალადობას, პირველი ნაწილი კი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი