ახალი ამბები

დაბომბვები, არეულობები და ათეულობით დაღუპული: ისრაელი-ღაზის დაპირისპირება მწვავდება

11 მაისი, 2021 • 3873
დაბომბვები, არეულობები და ათეულობით დაღუპული: ისრაელი-ღაზის დაპირისპირება მწვავდება

ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის მწვავე დაპირისპირებას, ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლს არ წყვეტენ, პარალელურად კი არეულობებია ისრაელის რიგ ქალაქებში, სადაც ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ ბოლო მოვლენების გასაპროტესტებლად.

ღაზის სექტორში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების განცხადებით, 11 მაისის ღამით ქალაქ თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიერ ღაზაში მაღალსართულიანი კორპუსის დაბომბვის შემდეგ. მედიის ინფორმაციით, თელ-ავივის გარდა სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებზეც.

აფეთქებული კორპუსი ღაზაში და შეტევა თელ-ავივზე

ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე 11 მაისის ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 50 წლის ქალი დაიღუპა. ეს ქალაქ რიშონ ლეზიონში, თელ-ავივის მახლობლად მოხდა. ქალაქ ხოლონში კი 2 ქალი და 5 წლის გოგონა დაშავდნენ.

იერიშის დაწყებიდან მალევე, თელ-ავივში ჩაირთო სირენები და ამოქმედდა ანტისარაკეტო სისტემა, მოქალაქეებმა კი თავშესაფრებს მიაშურეს. ბენ-გურიონის აეროპორტი უსაფრთხოების მიზნით, დროებით დაიხურა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, პალესტინელ შეიარაღებულებს ეს თავდასხმები “ძვირად დაუჯდებათ”.  ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ასობით ობიექტი დაბომბეს და კვლავ განაგრძობენ ტერიტორიაზე იერიშებს.
თელ-ავივის მახლობლად მდებარე ქალაქი ჰოლონი დაბომბვის შემდეგ. ფოტო: EPA

ხსენებული თავდასხმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. სანამ შენობას გაანადგურებდნენ, შიგნით მყოფი მოქალაქეები გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ნაგებობა. ისრაელის განცხადებით, კორპუსში, რომელიც მთლიანად დაინგრა, ღაზაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების, “ჰამასის” მაღალჩინოსნების ოფისები იყო განთავსებული.

11 მაისს, საღამოს საათებში, “ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელი ღაზაში საცხოვრებელ სახლებს ბომბავდა და თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, სწორედ თელ-ავივზე მიიტანდა იერიშს.

თავის მხრივ, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა შეიარაღებული დაჯგუფებების პოზიციების დაბომბვისას მშვიდობიანი მოსახლეობა არ დააზარალონ, თუმცა, მისივე განცხადებით, “ჰამასისა” და სხვა დაჯგუფებების პოზიციები მშვიდობიან მოსახლეთა შორის განგებ არის განთავსებული.

დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ისრაელსა და ღაზას შორის 10 მაისს დაწყებულ დაპირისპირებას ორივე მხარეს მოჰყვა მსხვერპლი. ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის ავიადარტყმებს 28 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის 10 ბავშვია. ისრაელი ამბობს, რომ დაღუპულებს შორის 16 “ჰამასის” მებრძოლი იყო.

11 მაისს “ჰამასის” მიერ ისრაელის ქალაქ აშკელონზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ხანშიშესული ქალი დაიღუპა. ამ მონაცემებით, დაპირისპირებისას გარდაცვლილთა რაოდენობა, კონფლიქტის ორივე მხარეს, ჯამში, 31-ს შეადგენს.

პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფებები დასძენენ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ასობით რაკეტა გაუშვეს რიგი ქალაქების, მათ შორის, თელ-ავივის, იერუსალიმის, აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით. ისრაელის არმია კი აცხადებს, რომ, ჯამში, ღაზის სექტორში განლაგებულ 500 სამიზნეზე მიიტანა იერიში.

საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. დიპლომატთა განცხადებით, ოთხშაბათს გაერო დახურულ შეხვედრას გეგმავს ხსენებული პროცესების განსახილველად.

“მხოლოდ დასაწყისი”

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ამბობს, რომ საჰაერო დარტყმები “მხოლოდ დასაწყისია” და “ტერორისტული ორგანიზაციები კვლავ აღმოჩნდებიან დარტყმის ქვეშ, ვინაიდან მათ ისრაელს დაარტყეს”.

“ჩვენ დავუბრუნდებით მშვიდობას, გრძელვადიანი პერსპექტივით”, — ციტირებს განცს BBC.

თავის მხრივ, “ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანია დასძენს:

“თუ ისრაელს სურს ესკალაცია, ჩვენ მზად ვართ და თუ მას სურს, რომ შეჩერდეს, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად”.

ჰანიას სიტყვებით, მათ “გაიმარჯვეს” “იერუსალიმისთვის ბრძოლაში” და შეიქმნა “ძალთა ახალი ბალანსი”.

მასობრივი არეულობები ისრაელის ქალაქებში

ხსენებული პროცესების პარალელურად, ისრაელში მცხოვრები არაბები ქვეყნის რიგ ქალაქებში საპროტესტო აქციებს მართავენ. არაერთ შემთხვევაში, დემონსტრაციები მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. AP-ის თანახმად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი პალესტინელთა მხრიდან ისრაელში, ბოლო წლების მანძილზე.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ებრაელებითა და არაბებით დასახლებულ ქალაქ ლოდში, სადაც 11 მაისის ღამით, ქალაქის მერის თხოვნის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი გამოცემების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქში ჩასვლას აპირებს.

ლოდში არეულობა 11 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც არაბი კაცის პანაშვიდზე დამსწრეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. CNN-ის ცნობით, კაცი წინა დღით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ებრაელმა მოქალაქემ, რომელიც ამბობს, რომ თავს იცავდა მისი მისამართით ქვების სროლის დროს. პოლიციამ ადგილობრივი არაბების მოქმედებებს ცრემლსადენი გაზითა და ხმოვანი ყუმბარებით უპასუხა.


ლოდში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ღამის საათებში, როცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტაკების მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს 30-მდე მანქანას — მათ შორის, პოლიციის ავტომობილს —  სინაგოგებსა და ბიზნესებს. ქალაქის მერმა არსებული ვითარება “სამოქალაქო ომს” შეადარა და ხელისუფლებისგან დახმარება ითხოვა. ისრაელის მედიის ცნობით, შეტაკებებისას, ჯამში, 12 ადამიანი დაშავდა.

დაძაბული ვითარება იყო ახლომდებარე ქალაქ რამლაშიც, სადაც, Associated Press-ის მიხედვით, ულტრანაციონალისტი ებრაელები არაბების კუთვნილ მანქანებს ესხმოდნენ თავს.

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ აკრაში პროტესტის მონაწილეებმა ებრაელების კუთვნილი რესტორანი და სასტუმრო დაწვეს.

ისრაელის მედია ასევე იუწყება 20-მდე ადამიანის დაკავების შესახებ ქალაქ ჰაიფაში, სადაც ახალგაზრდა დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებს წაუკიდეს ცეცხლი, პოლიციის მანქანებს კი ქვები დაუშინეს. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მათ წინააღმდეგ.

ისრაელის პოლიციის ცნობით, სხვადასხვა ადგილას, ჯამში, ძალადობრივი პროცესების მონაწილე 150 დემონსტრანტი დააკავეს.

რა ხდებოდა ცეცხლის გახსნამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ბოლო კვირების მანძილზე ვითარება იერუსალიმში განსაკუთრებით დაძაბულია. მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება. მათ შორისაა ქუჩის დაპირისპირებები ებრაელებსა და არაბებს შორის იერუსალიმში, რაც შემდგომ მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა; ასევე, პოლიციის მიერ აღმართული და შემდგომ, პალესტინელთა უკმაყოფილების ფონზე მოხსნილი ბარიერები ე.წ. დამასკოს კარიბჭსთან, სადაც მუსლიმები რამადანის თვეში იკრიბებიან.

თუმცა, ვითარების გამწვავებით ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ გადადო ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

დაძაბულობის წინაპირობებზე ვრცლად:

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი