ახალი ამბები

ქალაქ ლოდში მცხოვრებლები არ გახვიდეთ სახლებიდან – საქართველოს საელჩო ისრაელში

11 მაისი, 2021 • 1264
ქალაქ ლოდში მცხოვრებლები არ გახვიდეთ სახლებიდან – საქართველოს საელჩო ისრაელში

საქართველოს საელჩო ისრაელში აფრთხილებს ქალაქ ლოდში მცხოვრებლებს, რომ საცხოვრებელი ადგილებიდან არ გავიდნენ. საელჩოს ცნობით, ამ წუთებში პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის შეტაკებაა.

“ქალაქ ლოდში მცხოვრებელთა საყურადღებოდ! არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან – დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებიდან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის”, — წერს საელჩო.


ქალაქი იერუსალიმი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მწვავე ძალადობრივი აქტების სერიის მომსწრე გახდა. 10 მაისს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ალ-აკსას მეჩეთის მიმდებარედ, მძიმე შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის, რის შემდეგაც ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ისრაელის საპასუხო ცეცხლს, ღაზის ოფიციალური პირების ცნობით, მსხვერპლი მოჰყვა.

იერუსალიმში ვითარება ბოლო კვირების მანძილზე განსაკუთრებით დაძაბულია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების შესაძლო გამოსახლება და იქ ებრაელ ახალმოსახლეთა დამკვიდრება. ისრაელის ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავს, როგორც კერძო დავას მხარეებს შორის,  პალესტინელები კი ეთნიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ აღნიშნულის წინააღმდეგ.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირებია დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორისაა ალ-აკსას მეჩეთი.

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმის მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

ღაზის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ავიადარტყმებს ემსხვერპლა 20 ადამიანი, რომელთა შორის ცხრა ბავშვია. ხსენებული მონაცემებით, 10 მაისი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღეა ამ კონფლიქტის უკანასკნელ წლებში.

ისრაელის თავდაცვის უწყების თანახმად, ღაზაში დაღუპულთაგან, სულ მცირე, 11 პირი “ჰამასის” წევრი იყო.

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი