ახალი ამბები

ბრალი წაუყენეს ციხის თანამშრომელს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა პატიმარმა თავი მოიკლა

11 მაისი, 2021 • 1211
ბრალი წაუყენეს ციხის თანამშრომელს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა პატიმარმა თავი მოიკლა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ბრალი წარუდგინეს ციხის თანამშრომელს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა პატიმარმა თავი მოიკლა

ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გლდანის ციხეში მოთავსებული ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივნისიდან 24-საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა.

2020 წლის 12 ივლისს აღნიშნული პატიმარი იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის და კანონმდებლობის მიხედვით, მისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარ მორიგე ინსპექტორს ევალებოდა:

“მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში თავი მოიკლა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,  — აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

უწყების ცნობით, საგამოძიებო დეპარტამენტში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 12 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან (გლდანის ციხე) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო — სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვანი შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი