ახალი ამბები

პენიტენციურ უარყოფს ინფორმაციას, რომ გლდანის ციხის პატიმრებს მობილურის სარგებლობის უფლება შეეზღუდათ

7 თებერვალი, 2026 •
პენიტენციურ უარყოფს ინფორმაციას, რომ გლდანის ციხის პატიმრებს მობილურის სარგებლობის უფლება შეეზღუდათ
პენიტენციურ სამსახურში ირწმუნებიან, რომ გლდანის ციხის პატიმრებისთვის ტელეფონით სარგებლობის უფლება არ შეუზღუდავთ. ასე ეხმაურება უწყება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაკავებულთა ნაწილს მობილურის გამოყენებას უზღუდავენ.

“ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. მათ შორის, სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით სარგებლობის უფლება.

გავრცელებულ განცხადებებში მითითებული ყველა პირი შეუზღუდავად სარგებლობს სატელეფონო საუბრის უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ათ დღეში ერთხელ. სატელეფონო უფლებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.

აქვე აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და სატელეფონო საუბრის განსახორციელებლად ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბალანსზე უნდა ჰქონდეს შესაბამისი ოდენობის თანხა”, – წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატიმრებისთვის მობილურით სარგებლობის უფლების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გაავრცელა. ის გლდანის ციხეში თანაპარტიელთან, ირაკლი ნადირაძესთან იმყოფებოდა ადვოკატის სტატუსით. როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ნადირაძემ მას გადასცა რეზო კიკნაძის დანაბარები, რომ პატიმრებს ტელეფონით სარგებლობას უზღუდავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქეთუნა ქერაშვილი – კიდევ ერთი პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის დაც. მისი ინფორმაციით, მობილურის გამოყენება შეუზღუდეს ქერაშვილის საკანში მყოფ სხვა პატიმრებსაც. საუბარია თორნიკე გოშაძესა და გური მირცხულავაზე.

“ირაკლის საკანში ვინც არიან – ირაკლის, თორნიკე გოშაძეს, გური მირცხულავას შეეზღუდათ ზარების განხორციელება […] ვხედავთ ტოტალური კონტროლის მექანიზმების ამოქმედებას … სინდისის პატიმრები არიან, რეალურად, ერთ-ერთი ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკას, ასე ვთქვათ, აჯანჯღარებს და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, ბიჭების შემართება და გამამხნევებელი წერილები თუ ზარები მაქსიმალურად შეზღუდონ”, – ამბობს “ფორმულასთან” საუბრისას ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი.

ზარების სავარაუდო შეზღუდვის შესახებ დაიწერა დღეს საბა სხვიტარიძის ფეისბუქ გვერდზეც.

“გუშინ აკრძალვა მივიღე სასეირნოში გამარჯობის თქმის გამო. რა სახის აკრძალვაა ჯერ არ ვიცი, ვარაუდობ ზარებს ამიკრძალავენ და დარეკვის უფლებას ჩამომართმევენ, ამას გავიგებ ორშაბათიდან. ფაქტობრივად სამარტოო საკანში ხმის ამოღება ამიკრძალეს, ვიმედოვნებ წიგნის ხმამაღლა წაკითხვასაც არ ამიკრძალავენ. ასე რომ დროებით, მალე თავისუფალ საქართველოში შევხვდებით. ბოლომდე!”, – წერია სხვიტარიძის სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი