ახალი ამბები

“სინოფარმის” დარჩენილი დოზები სტრატეგიული ჯგუფების აცრას მოხმარდება

11 მაისი, 2021 • 2424
“სინოფარმის” დარჩენილი დოზები სტრატეგიული ჯგუფების აცრას მოხმარდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში “სინოფარმით” აცრილთა და აცრაზე რეგისტრირებულთა რიცხვი 40 000-მდეა, პრეპარატის დარჩენილი 10 000 დოზა კი სტრატეგიული ჯგუფების იმუნიზაციას მოხმარდება.

ასეთ ჯგუფებს შორის გაბუნია პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული დოზები მედიასა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულებსაც მოხმარდება:

“სინოფარმის დიდი ნაწილი, დაახლოებით 40 000-მდე დოზა ან უკვე გამოყენებულია, ან დაჯავშნილია. 10 000 დოზა დარეზერვებულია სტრატეგიული ჯგუფებისთვის, ესაა პოლიცია, პენიტენციური სისტემა.

უდიდესი ნაწილი ამ დოზების მოხმარდება ამ სტრატეგიულ ჯგუფებს და ასევე დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისთვის. მაგრამ ეს იქნება ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან უდიდესი ნაწილი ამ დარეზერვებული დოზების დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით “სინოფარმის” ვაქცინით 10 000-მდე ადამიანი უკვე აიცრა, 30 000-ს კი ჯავშანი აქვს გაკეთებული.

საქართველომ “სინოფარმის”  100 000 დოზა ვაქციან შეიძინა, რაც 50 000 ადამიანის იმუნიზაციისთვის არის საკმარისი.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება “სინოფარმის” ვაქცინის დამატებით 600 ათასი დოზა. აქედან, მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ვაქცინების 250 000 დოზას უკვე გარანტირებულად ივნისის თვეში მიიღებს, თუმცა ვაქცინების მიღების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.

ამასთან, ქვეყანაში არის კიდევ ერთი ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინის 100 000 დოზა, რომელსაც ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მინიჭებული არ აქვს. მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ჩინეთში წარმოებული კიდევ ერთი ვაქცინის, “სინოვაკის” საქართველოში გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაციამდე დაიწყოს.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ვაქცინაციის საბჭო მიიღებს, თუმცა ამ შემთხვევაში NCDC-ის არგუმენტები იქნება, რომ ვაქცინა ავტორიზაციის პროცესშია და გამოიყენება 32 ქვეყანაში. გამყრელიძის განმარტებით, საბჭომ უნდა განიხილოს, დაიწყება თუ არა ქვეყანაში ვაქცინაცია 100 ათასი დოზა “სინოვაკით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი