ახალი ამბები

„განვიხილავთ ტრეფიკინგის ვერსიასაც“ — რა ვიცით ამ დრომდე ასელ აიტპაევას საქმეზე

12 მაისი, 2021 • 2067
„განვიხილავთ ტრეფიკინგის ვერსიასაც“ — რა ვიცით ამ დრომდე ასელ აიტპაევას საქმეზე

„განვიხილავთ ტრეფიკინგსაც“ — ამბობს თბილისში დაღუპული ყაზახეთის მოქალაქის, 26 წლის ასელ აიტაპოვას ოჯახის ადვოკატი ნეტგაზეთთან. გარდაცვლილი ყაზახეთში დღეს გადაასვენეს. თუმცა მის საქმეში ჯერ უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი.

თითქმის ერთი კვირაა, რაც ქვეყნის საგამოძიებო უწყებები თბილისში ასელის საქმეს იკვლევს. ოფიციალური ვერსიით, ასელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სექსუალურად იძალადეს, რის შედეგადაც ფანჯრიდან გადახტა. დაკავებულია ერთი ადამიანი.

ოჯახს ამის არ სჯერა. ისინი აცხადებენ, რომ ქალი მოკლეს, მვკლელობაში კი ჩარეულია მისი ნათესავიც. ბრალდებულის ადვოკატი ბრალდებებს უარყოფს.

რას ამბობს ოჯახი?

ასელის ცხედარი დედამ, აისუ აიტპაევამ ყაზახეთში დღეს, 12 მაისს გადაასვენა. ყაზახის  ქალის უფლებადამცველები, რომელიც ქალს სიმართლის დადგენაში ეხმარებიან, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ აისუ აიტპაევა თბილისში საქმესთან დაკავშირებით ოჯახის ახლობლის — სიძის გამოკითხვასაც ითხოვს.

ქალი ყვება, რომ ყველაზე მეტად მომხდარში სწორედ ამ ადამიანს ადანაშაულებს, ვინაიდან სიძე იყო ის კაცი, ვინც ასელს დასაქმებაში დაეხმარა. მის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე კი უკან, ყაზახეთში დაბრუნდა.

„ეს მკვლელობა იყო. ის არ გადმოხტებოდა, არ იყო ასეთი ადამიანი“, — ამბობს აისუ აიპტაევა და ამატებს, რომ სიძის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანის დაკითხვას ითხოვს. დამატებით დეტალებზე აისუ აიტპაევა ვერ საუბრობს, რადგან ამბობს, რომ გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის.

ჟურნალისტის კითხვებზე, ხომ არ ჰქონია მის შვილს მანამდეც თვითმკვლელობის მცდელობები, ქალი ამბობს, რომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა. მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქალს ხელზე ნაიარევი ჰქონდა, ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს არ უკავშირდება სუიციდის მცდელობას, სახლში მას ერთხელ ჭურჭელი გაუტყდა, აქედანაა ნაიარევიც“.

აისუ აიპტაევას თქმითვე, მის ყურამდეც მივიდა ინფორმაცია, თითქოს მეზობლებს აქვთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აგდებენ მის შვილს ფანჯრიდან.

„თუ ასეთი ვიდეო არსებობს, ვთხოვთ, მათ მიმართონ პოლიციას“, — ამბობს გარდაცვლილის დედა.

საქართველოში ასელის ოჯახის უფლებებს ორგანიზაცია „საფარი“ და მისი ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იცავს. ის ნეტგაზეთს უყვება, რომ ასელის დედას, აისუ აიპტაევას უკვე მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი და რამდენჯერმე იმყოფებოდა კიდეც პოლიციის განყოფილებაში, სადაც შესაბამისი ჩვენება მისცა.

ადვოკატი დასძენს, რომ ჯერ საქმის მასალებს ბოლომდე არ გასცნობია. თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას და მტკიცებულების შესწავლისას, არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ სხვა ბრალდებულებიც გამოკვეთოს.

„რეალურად, გამოძიება იმ მუხლით, რა მუხლითაცაა დაწყებული – ანუ თვითმკვლელობამდე მიყვანის – მიგვაჩნია, რომ არასწორია. უნდა წავიდეს მკვლელობის მუხლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანს არ მოუკლავს თავი, ის გადმოაგდეს. ეს ვერსია აქვს თავად ოჯახსაც. ამაზე ჩვენებაც მისცა. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ამ საქმეში ძალიან წამყვანი იქნება“, — ამბობს ადვოკატი. თუმცა ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასრულებას დიდი დრო სჭირდება. როგორც წესი, დაახლოებით ერთი თვე მაინც.

ჩვენს კითხვაზე, თუ განიხილავს ოჯახი ტრეფიკინგის ვერსიასაც, ნინო ანდრიაშვილი გვპასუხობს:

„ვერსიას განიხილავს ოჯახი. ქალბატონმა [დედამ] არაერთხელ თქვა, რომ მანქანის სანაცვლოდ მისმა ნათესავმა „მიჰყიდა“ გოგო ქართველ მამაკაცს. ეს არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ამ ვერსიას ოჯახი განიხილავს,“ 

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოჯახის მხარეს გამოძიების ნდობა აქვს – „დიდი იმედი მაქვს, გამოძიების ეტაპზე გამოიკვეთება ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოძიებას სისრულეში მოიყვანს და არ დარჩება კითხვის ნიშნები“. 

ასელ აიტპაევას საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდებული 6 მაისს დააკავა. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “” ქვეპუნქტით, რაც გაუპატიურებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მანამდე კი მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბრალდებულისა და ასელის ხმები ისმის. „წყლით დაგმდუღრავ“ — ისმის კაცის მუქარა, რაზეც ქალი პასუხობს, რომ ფანჯრიდან გადახტება. „მიდი, გადახტი“, — პასუხობს კაცი.

რატომ დატოვა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი — ადვოკატის განმარტება

მას შემდეგ, რაც ასელ აიპტაევა დაიღუპა, ამ საქმეზე დაკავებულმა კაცმა ბინა დატოვა. პოლიცია გამოიძახეს მეზობლებმა.

ნეტგაზეთს ბრალდებულის ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე უყვება, რომ ბრალდებული „პანიკურ მდგომარეობაში“ იყო.

„რაკი მათ ურთიერთობა ჰქონდათ, შეეშინდა, რომ დააკავშირებდნენ [სიკვდილთან]… პანიკურ ფონზე მოხდა ეს. თუმცა შემდგომ, როდესაც დაურეკეს, ის ბინაში დაბრუნდა“, – ამბობს შუკაკიძე.

ლაშა შუკაკიძე. ფოტო: მთავარი არხი

ის გვიყვება, რომ ბრალდებული და ასელი ერთმანეთთან ურთიერთობაში იყვნენ და ერთადაც ცხოვრობდნენ. ბრალდებულის ვერსიით, ქალი ფანრჯიდან მაშინ გადახტა, როდესაც ის აბაზანაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება გარდაცვალებას, ადვოკატი ამბობს, რომ ქალს სუიციდური მიდრეკილებები და მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, გაუპატიურება კი არ მომხდარა.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც კაცი ქალს ემუქრება, ადვოკატი საყოფაცხოვრებო კამათით ხსნის.

„ჩანაწერის დასასრულს ისმის, რომ ყველაფერი კარგი… რაღაც საკითხი იყო, რის გამოც შეიცვალა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დამოკიდებულება და დავრჩეთ მეგობრებადო, სთავაზობს… ყველანაირად ხელს შეგიწყობ, ეს ყველაფერი კი ჩვენ შორის მოვკდებაო“, — ამბობს ადვოკატი და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ძალადობა არ მომხდარა, ბრალდება კი აბსურდულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი